Facebook Twitter

ბს-1077-657(კ-05) 13 ოქტომბერი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. მ-ე მუშაობდა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის სპეციალურ დავალებათა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ...ედ, საიდანაც კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004წ. 9 აგვისტოს ¹გან-38 ბრძანებით, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, 2004წ. 2 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

თ. მ-მ გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიჩნია უკანონოდ და სარჩელი აღძრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში, რითაც მოითხოვა კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004წ. 9 აგვიტოს ¹გან-38 ბრძანების გაუქმება, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა საკუთარი ინიციატივით, არამედ მან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა ხელმძღვანელობის მოთხოვნით, “კონტროლის პალატის რეორგანიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე”, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2004წ. 2 აგვისტოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგენისას გამართულ თათბირზე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ მკაცრად მოითხოვა თანამშრომელთა მხრიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა, რადგან 1-2 სექტემბრისათვის უნდა ჩატარებულიყო გამოცდები, რომლის შედეგების მიხედვით მოხდებოდა თანამშრომელთა თანამდებობებზე დანიშვნა. განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დაწერა ყველა თანამშრომელმა, მაგრამ შემდგომში დანიშვნები მოხდა გამოცდების გარეშე, გამოცდების ვითომ ჩატარება კი მოფიქრებული იყო სპეციალურად, თანამშრომელთა მიერ განცხადების დაწერის მიზნით. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მოსარჩელე გაიცნო 24 აგვისტოს, რომელიც ჩაჰბარდა 16 სექტემბერს.

2005წ. 13 იანვარს თ. მ-მ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, სამუშაოზე აღდგენა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004წ. 9 აგვისტოს ¹გან-38 ბრძანება თ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; თ. მ-ე აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის ... სამმართველოს ...ის თანამდებობაზე; კონტროლის პალატას დაევალა დათხოვნის დღიდან აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კონტროლის პალატამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინებით კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემეობათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ. მ- 1994 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ კონტროლის პალატაში, 2003 წლიდან კი დაინიშნა სამმართველოს უფროსის მოადგილედ. რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2004წ. 2 აგვისტოს ჩატარებულ თათბირზე კონტროლის პალატის და აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარეებმა თანამშრომლებს თათბირზე გამოუცხადეს, რომ სისტემაში სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით აუცილებელი იყო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ყველა თანამშრომელს განცხადება დაეწერა, რის შემდეგაც მოხდებოდა კონკურსის წესით მათი შერჩევა. აღნიშნულის გამო განცხადება დაწერა ყველა თანამშრომელმა, რომლებიც მუშაობდნენ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის სისტემაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი აღნიშნული გარემოებანი სადავოდ არ გაუხდია აპელანტს, რის გამოც სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებანი სინამდვილეს წარმოადგენს, კერძოდ ის ფაქტი, რომ კონტროლის პალატაში აღნიშნული რეორგანიზაცია არ განხორციელებულა, თუმცა კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004წ. 9 აგვისტოს ¹ გან-38 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან, პირადი განცხადების საფუძველზე.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ასევე, რომ თ. მ- სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც აგრძელებდა მუშაობას 2004წ. 21 აგვისტომდე, აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარის იმავე წლის 6 ივლისის, 23 ივლისის და 16 აგვისტოს ბრძანებების საფუძველზე.

2004წ. 9 აგვისტოს სადავო ბრძანება თ. მ-ს გაეგზავნა მხოლოდ 2004წ. 18 სექტემბერს, რაც მის მიერ გასაჩივრდა იმავე წლის 21 სექტემბერს. ამდენად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა არ დარღვეულა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ თ. მ-ის ნამდვილ ნებას არ წარმოადგენდა სამსახურიდან წასვლის სურვილი. მან აღნიშნული განცხადება დაწერა იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მას კანონიერი ნდობა ჰქონდა (ისევე, როგორც მის ყველა დანარჩენ კოლეგას, რომლებმაც ანალოგიური განცხადება დაწერეს) კონტროლის პალატის ხელმძღვანელების მიმართ და იგი დარწმუნებული იყო, რომ სექტემბრში აღნიშნულ უწყებაში აუცილებლად ჩატარდებოდა რეორგანიზაცია. როგორც თ. მ-ის განცხადებიდან ჩანს, მან თავისი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მთლიანად დაუკავშირა კონტროლის პალატაში განსახორციელებელ რეორგანიზაციას, თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, მისი აღნიშნული ნების გამოვლინება დაკავშირებული იყო მცდარ წარმოდგენაზე, გარკვეულწილად იგი შეცდომაში იყო შეყვანილი, რომ სექტემბრში კონტროლის პალატაში აუცილებლად ჩატარდებოდა რეორგანიზაცია.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელის სამსახურიდან წასვლის სურვილის არქონასთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი ხსენებული განცხადების დაწერის შემდეგაც, აგრძელებდა მუშაობას და ასრულებდა ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებებს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელე მუშაობას გათავისუფლების ბრძანების გამოცემის შემდეგ აგრძელებდა არა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით, არამედ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ რევიზიასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების საფუძველზე, რომლისთვისაც იმჟამად ცნობილი არ იყო თ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ამდენად, აღნიშნული ფაქტის საფუძველზე უნდა დასმულიყო არა 2004წ. 9 აგვისტოს გამოცემული ბრძანების, არამედ იმ რევიზიის აქტის გაბათილების საკითხი, რომელიც თ. მ-ის სახით არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნა შედგენილი, ვინაიდან შეუძლებელია ხელმძღვანელ პირს არ სცოდნოდა თავის უწყებაში მომუშავე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მით უმეტეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, კონტროლის პალატისათვის სწორედ მის მიერ იქნა გადაცემული აჭარის ა/რ კონტროლის პალატაში ახლად დანიშნულ თანამშრომელთა სია. “კონტროლის პალატის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარეები უფლებამოსილი არიან სრულად წარმართონ პალატის მუშაობა, მათ შორის, განახორციელონ თავიანთი მუშაკების სამუშაოზე დაშვებაც.

სკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, “ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან”. კონტროლის პალატას კი აღნიშნული გარემოება (თ. მ-ის ნამდვილი ნების დადგენა) სათანადოდ არ გამოუკვლევია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სინამდვილეში თ. მ-ის სურვილს (პირად ინიციატივას) არ წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლება და, შესაბამისად, იგი არასწორად იქნა გათავისუფლებული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლზე დაყრდნობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კონტროლის პალატამ და შემდეგი მოტივით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნებზე უარის თქმა:

კასატორის განმარტებით, შრომის კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდბა მხოლოდ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით, ხოლო, რაც შეეხება საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლებას, ეს საკითხი რეგულირდება საჯარო მოხელეების მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლით, რომელსაც “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის თანახმად, როგორც უფრო გვიან მიღებულს, უპირატესი იურიდიული ძალა აქვს შკკ-ის შესაბამის ნორმასთან მიმართებაში, იგულისხმება შკკ-ის 32-ე მუხლი. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის მიხედვით: “პირი, თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას”. კანონის ამ განმარტებაში ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლების შესახებ განცხადების განხილვის რაიმე ვადაზე, მათ შორის _ ორკვირიანზე, საუბარი არ არის.

რაც შეეხება თ. მ-ის მიერ სამუშაოს შესრულებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემის შემდეგ, ეს ფაქტი არ შეიძლებ გახდეს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004წ. 9 აგვისტოს ¹ გან-38 ბრძანების გაუქმების საფუძველი. რადგან თ. მ-ე საქმიანობას აგრძელებდა არა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით, არამედ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ რევიზიასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანების საფუძველზე, რომლისთვისაც იმ დროს ცნობილი არ იყო თ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, უნდა დაისვას არა კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ბრძანების გაუქმების საკითხი, არამედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, იმ რევიზიის აქტის გაბათილების საკითხი, რომელიც თ. მ-მ შეადგინა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსაზრება თ. მ-ის სამსახურიდან წასვლის სურვილის არქონასთან დაკავშირებით. ვინაიდან იგი გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერის შემდეგაც აგრძელებდა მუშაობას და ასრულებდა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებებს. სასამართლოების ზემოხსენებული მოსაზრება არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის თანახმად, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე განცხადების დაწერისთანავე თვითნებურად მიატოვებდა სამსახურს ისე, რომ არ დაელოდებოდა მისი განცხადების განხილვას და გადაწყვეტას, მისი გათავისუფლება მოხდებოდა სამსახურიდან არა 95-ე მუხლით, არამედ ამავე კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე _ მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის დატოვების მეორე სამუშაო დღიდან. ამდენად, სასამართლოების მოსაზრება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

მოწინააღმდეგე მხარემ, თ. მ-მ, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება თ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) თ. მ- 1994 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ კონტროლის პალატაში, 2003 წლიდან დაინიშნა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის სპეციალურ დავალებათა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004წ. 9 აგვისტოს ¹გან-38 სადავო ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის თანახმად, თ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე. საქმეში ასევე წარმოდგენილია თ. მ-ის განცხადება კონტროლის პალატის თავმჯდომარისადმი, დათარიღებული 2004წ. 2 აგვისტოს, რომლითაც კონტროლის პალატის რეორგანიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი ითხოვს სამსახურიდან გათავისუფლებას.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასება, რომ თ. მ-ის ნამდვილ ნებას არ წარმოადგენდა სამსახურიდან წასვლის სურვილი, რომ მას ჰქონდა კანონიერი ნდობა კონტროლის პალატის ხელმძღვანელობის მიმართ და დარწმუნებული იყო, რომ სექტემბერში აუცილებლად ჩატარდებოდა რეორგანიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკ-ის 52-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. მ-ის სურვილს (პირად ინიციატივას) სამსახურიდან დათხოვნა არ წარმოადგენდა, განცხადება მთლიანად დაკავშირებული იყო სისტემაში განსახორციელებულ რეორგანიზაციასთან და ამიტომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, მისი სამუშაოდან დათხოვნა უკანონოა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, წარმოადგენს ადმინისტრაციის მიერ მოხელის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველს, რაც დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით ხორციელდება და ასეთ ვითარებაში მოხელის თანხმობა ან განცხადება რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სამუშაოდან დათხოვნის შესახებ საჭირო არ არის. ამავე კანონის 95-ე მუხლის თანახმად კი მოხელის განცხადება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ წარმოადგენს მოხელის ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების დამოუკიდებელ საფუძველს. კანონის ცოდნის პრეზუმპციიდან გამომდინარე და თ. მ-ის თანამდებობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ იგი იყო აჭარის ა/რ კონტროლის პალატის სპეციალურ დავალებათა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეფასება კონტროლის პალატის მიმართ კანონიერი ნდობის შესახებ, თითქოს და განცხადება მოსარჩელის ნამდვილ ნებას არ წარმოადგენს და უკავშირდება სისტემაში ჩასატარებელ რეორგანიზაციას, არასწორია. საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. მ-ს უნდა სცოდნოდა და ვალდებულიც იყო სცოდნოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-96-ე მუხლების დებულებები და მისი განცხადება, შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ მოხელის ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების მოთხოვნას წარმოადგენს. ამიტომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, პირადი ინიციატივით მისი გათავისუფლება კანონიერია.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სამუშაოდან დათხოვნის შესახებ თ. მ-მ განცხადებით 2004წ. 2 აგვისტოს მიმართა ადმინისტრაციას, მისი განცხადების დაკმაყოფილების და სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოიცა 2004წ. 9 აგვისტოს და განცხადებაში გამოხატული ნების ნამდვილობის შესახებ თ. მ-მ დავა დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის განცხადებას მოჰყვა სამართლებრივი შედეგი. 2004წ. 2 აგვისტოდან 9 აგვისტომდე თ. მ-ს არ მიუმართავს განცხადებით ადმინისტრაციისათვის, რომ მას რეაგირება არ მოეხდინა მის განცხადებაზე, რადგან იგი არ გამოხატავდა თ. მ-ის ნამდვილ ნებას.

სააპელაციო პალატამ თ. მ-ის სამუშაოზე აღდგენის ერთ-ერთ მოტივად ის გარემოებაც მიიჩნია, რომ თ. მ-ე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც აგრძელებდა მუშაობას 2004წ. 21 აგვისტომდე, კონტროლის პალატის თავმჯდომარის 6 და 23 ივლისის და 16 აგვისტოს ბრძანებების საფუძველზე, რასაც საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული, აჭარის ა/რ კონტროლის პალატის ბრძანებებით ირკვევა, რომ თ. მ-ა კომპლექსურ რევიზიას ატარებდა ქ. ბათუმის საგზაო საწარმოში 2004წ. 6 ივლისიდან 6 აგვისტომდე, შპს “გზებში” 2004წ. 22 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ხოლო 2004წ. 10 აგვისტოს ¹91 ბრძანებით, თ. მ-ე და ა. მ-ე გამოიწვიეს რევიზიიდან და მათ ნაცვლად რევიზიაში ჩაერთვნენ ლ. ლ-ი და ნ. ბ-ე. ამრიგად, თ. მ-ე სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებდა 2004წ. 10 აგვისტომდე, სადავო ბრძანება პირადი განცხადების საფუძველზე თ. მ-ის დათხოვნის შესახებ გამოცემულია 2004წ. 9 აგვისტოს. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება და დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. მ-ე 2004წ. 21 აგვისტომდეც აგრძელებდა საქმიანობას, არასწორია და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. მ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან, როგორც აღინიშნა, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს არ ემყარება. ამასთან, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ვინაიდან საჭირო არ არის დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევა, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, პროცესუალურად უფლებამოსილია თ. მ-ის სარჩელზე თავად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.