Facebook Twitter

¹ას-847-1160-07 19 დეკემბერი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ფ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის საოქმო განჩინება

დავის საგანი – საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 30 ოქტომბერს გ. მ-მა სარჩელით მიმართა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. ფ-ს მიმართ და მიუთითა, რომ 2002 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. შ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 27 730 აშშ დოლარის გადახდა, რომლის აღსრულებაც ვერ მოხერხდა შ-ს გადახდისუუნარობისა და ქონების არქონის მიზეზით, რაც, მოსარჩელის აზრით, ხელოვნურადაა შექმნილი, ვინაიდან ზ. შ-სა და ლ. ფ-ს შორის მოხდა არაკანონიერი გარიგება, რომლის თანახმადაც ლ. ფ-მ თავი გამოაცხადა ზ. შ-ს ქონების, წალენჯიხის რაიონის სოფელ ... მდებარე ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკის მესაკუთრედ და მისი მოვალე შ-ა გახდა გადახდისუუნარო. შესაბამისად, გ. მ-მა ვალის დროზე მიუღებლობის გამო მისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა ლ. ფ-სგან.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-ს სარჩელი ლ. ფ-ს მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 102425 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ლ. ფ-ზე ზ. შ-ს ვალის (27 310 აშშ დოლარის), დროზე მიუღებლობით გამოწვეული მატერიალური (25 400 აშშ დოლარის) და მორალური (50000 აშშ დოლარის) ზიანის ანაზღაურების დაკისრება, წალენჯიხის რაიონის სოფელ ... მდებარე ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკის, ასევე ლ. ფ-ს სხვა ქონების დაყადაღება და შპს “ჯ...ის” საჯარო რეესტრში წარდგენილი საბუთების ექსპერტიზა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 2007 წლის 5 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გ. მ-ა მიუთითა, რომ ზ. შ-ს განცხადების საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ ლ. ფ-მ მუქარისა და შანტაჟის გამოყენებით მიისაკუთრა შ-ს კუთვნილი ჩაის ფაბრიკა, ფაქტების რეალობის გარკვევის მიზნით, ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ აღნიშნული განცხადება სათანადო რეაგირებისათვის გადაუგზავნა წალენჯიხის რაიონულ განყოფილებას, შესაბამისად აპელანტმა, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ ადგილზე თათბირის შედეგად არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მისი განცხადების დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. მ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას. ამიტომ, სანამ საქმის წარმოებას შეაჩერებდეს, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე სამოქალაქო საქმის განხილვა არ არის შეუძლებელი, ვინაიდან განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით და, შესაბამისად, გ. მ-ს მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია თუ არა, შესაძლებელია დადგინდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ვერ ექნება წინასწარ გადამწყვეტი მნიშვნელობა სამოქალაქო წესით საქმის გადაწყვეტისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. მ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის საოქმო განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.