¹ას-848-1161-07 17 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის
მოსამართლე ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ხ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ე. პ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ნ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – მოძრავი ნივთის დაბრუნება
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა კუთვნილი “ბმვ-520” მარკის ავტომანქანის დაბრუნება.B
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა მოპასუხემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 მარტის განჩინებით ლ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საქალაქო სასამართლოს განჩინება ლ. ხ-ის წარმომადგენელმა ე. პ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი, რაზეც აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
საქართველოს უზეანესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ლ. ხ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზეანესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ლ. ხ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. კერძო საჩივრის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში, ადვოკატის მოწმობისა და სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, ლ. ხ-ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2007 წლის 26 ნოემბერს, აღნიშნულის მიუხედავად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში ლ. ხ-სა და მის წარმომადგენელ ე. პ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ხ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.