ას-851-1164-07 12 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის
მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ რ. გ-ეE
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. ..”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
აღწერილობითი ნაწილი:
რ. გ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სს „ .. ..“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 1 მარტის ბრძანებით გათავისუფლდა ექსპლოატაციის უფროსის თანამდებობიდან, მაშინ, როდესაც რეალურად იგი მუშაობდა მესამე საექსპლოატაციო უბნის მენეჯერად, აღნიშნული შეცდომა ბრძანებაში შეგნებულად იქნა დაშვებული მისი ადვოკატისა და ენერგოკომპანიის წარმომადგენლის ერთობლივად მომზადებული დანაშაულებრივი ქმედებით, რათა სასამართლოს არ გამოეტანა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და გაძნელებულიყო მისი სამუშაოზე აღდგენა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება ემყარება დოკუმენტს, რომელიც ყალბია და სსკ-ის 423-ე მუხლის „ა“, „გ“, „ე“ ’ა „ვ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, დასახელებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
რ. გ-მ აღნიშნა, რომ განთავისუფლების ბრძანებაში დაშვებული უზუსტობების შესახებ მან შეიტყო 2006 წლის 2 მაისის სასამართლო სხდომაზე, რა დროსაც გამოტანილი გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 თებერვლის განჩინებით, რ. გ-ის განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ განმცხადებელმა რ. გ-მ დაარღვია სსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, რადგან განცხადებაში მითითებული გარემოება, რომელსაც იგი მიიჩნევდა ახლად აღმოჩენილად, მისთვის ცნობილი გახდა 2006 წლის 2 მაისის სასამართლო სხდომაზე, ხოლო განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, ნაცვლად 2006 წლის 2 ივნისისა, სასამართლოში შეიტანა 2006 წლის 8 დეკემბერს, რითაც დარღვია განცხადების შეტანის კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. გ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით რ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინება რ. გ-მ განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20 ივნისის განჩინებების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით რ. გ-ის განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო განცხადებას და მიაჩნია, რომ რ. გ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 თებერვლის განჩინებით განუხილველი დარჩა რ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
განჩინება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. გ-მ.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინება, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა რ. გ-მ არის საბოლოო და არ საჩივრდება. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ განჩინებაზე დაუშვებელია კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოო განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ზემდგომი სასამართლო წყვეტს კერძო საჩივრის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის საბოლოო, რომელიც არ საჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.