¹ას-852-1165-07 D 19 დეკემბერი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს “-- -- --”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 2 სექტემბერს ზ. ფ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს “-- -- --” მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 26 დეკემბერს დაიწყო მუშაობა სს “-- -- --”, დაცვის განყოფილებაში გუშაგად. 2004 წლის 11 ოქტომბრიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გადავიდა ბიულეტინზე 2004 წლის პირველ ნოემბრამდე. გამოჯანმრთელების შემდგომ კი, სამსახურში დაბრუნებაზე ადმინისტრაციამ უარი განუცხადა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას განთავისუფლების შესახებ ბრძანება მხოლოდ 2005 წლის 31 აგვისტოს ჩაბარდა, საიდანაც გაირკვა, რომ მისი განთავისუფლება მოხდა 2004 წლის 13 ოქტომბერს პირადი განცხადების საფუძველზე, მაშინ, როდესაც იგი 2004 წლის 11 ოქტომბრიდან იმყოფებოდა ბიულეტინზე და არანაირი განცხადება არ დაუწერია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ფ-მ მიიჩნია, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა შრომის კანონთა კოდექსის უხეში დარღვევით, რის გამოც მოითხვა სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხეზე 10 თვის განაცდური ხელფასის დაკისრება 1000 ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “-- -- --” დირექტორის 2004 წლის 13 ოქტომბრის ¹72 ბრძანება ზ. ფ-ის სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე ჩაითვალა უკანონოდ და მოპასუხე ორგანიზაციას მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ზ. ფ-ს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ფ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხეზე განაცდური ხელფასის ანაზღაურების სახით 4280 ლარის დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ზ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განჩინებით ზ. ფ-ს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის პირველი ოქტომბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ფ-მ განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ მას კანონით დადგენილი საპროცესო ვადა ხარვეზის შევსების თაობაზე არ დაურღვევია და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ. ფ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე წევრს... უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლოივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსის ცნობება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. ფ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2007 წლის 24 სექტემბერს აპელანტმა ზ. ფ-მ ფოსტის საშუალებით განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და წარმოადგინა სოციალურიად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითად განხილვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 24 აგვისტოს განჩინება აპელანტ ზ. ფ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 11 სექტემბერს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 21 სექტემბერს (იხ. ტ2 ს.ფ.23), ხოლო აღნიშნული განჩინების ასლი 2007 წლის 11 სექტემბერს ჩაჰბარდა თ. ნ-ს (იხ. ტ2 ს.ფ 18-21), თუმცა საფოსტო შეტყობინებით ვერ ირკვევა რომ თ. ნ-ე აპელანტის ოჯახის წევრია ან თუნდაც რაიმე ნათესაური დამოკიდებულება აქვს მასთან, რასაც თავად ზ. ფ-ც კერძო საჩივარში სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ აღნიშნულ პიროვნებას საერთოდ არ იცნობს და, შესაბამისად, მისთვის თ. ნ-ს არც განჩინების ასლი გადაუცია და არც მისი შინაარსი უცნობებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ფ-მ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოასწორა ხარვეზი. ამდენად, კერძო საჩივარი დასაბუთებულია და საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ფ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ამ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.