Facebook Twitter

¹ას-852-1209-06 12 აპრილი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. კ-ე

წარმომადგენელი _ ა. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 24 მარტს ვ. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. კ-ის მიმართ და მიუთითა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი სესხის დაბრუნების თაობაზე და მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 11 500 აშშ დოლარისა და პროცენტის სახით 590 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად. მოსარჩელის განმარტებით, თ. კ-მ სარჩელი აღძრა სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, რის გამოც, აღსრულების ხელოვნურად გაჭიანურების გზით, მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვ. გ-მა მოითხოვა 2003 წლის 23 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელი პროცენტის _ თვეში 230 აშშ დოლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის ჰონორარის _ 3000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. კ-ს ვ. გ-ის სასარგებლოდ 2003 წლის 23 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაეკისრა 230 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში გადახდილი 331,2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-ის წარმომადგენლის _ ა. ბ-ს განცხადება საამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 20 დღით.

2006 წლის 10 ნოემბერს თ. კ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-მ კვლავ მიმართა განცხადებით სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. კ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საჩივრის განსახილველად მიღება იმ მიზეზით, რომ აპელანტი არის მოხუცებული პენსიონერი, საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო დახმარებას და დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებას ვერ შეძლებდა.

კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. კ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ თ. კ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად 2006 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს, მისი განცხადების საფუძველზე, ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელა 20 დღით, თუმცა მითითებული ვადის გასვლის შემდგომ, მან კვლავ მიმართა სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სარჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის ზემოაღნიშნული მდგომარეობა და, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კვლავ უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარის შუამდგომლობა, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, დასაბუთებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც კერძო საჩივრის ავტორმა არ წარმოადგინა, კერძოდ, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა ყოფილიყო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა იმ მიზეზს, რის გამოც საპროცესო მოქმედების შესრულება ვერ ხერხდება დანიშნულ ვადაში. ასევე უნდა წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტი მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს სწორად უთხრა უარი საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბერის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. კ-ის წარმომადგენლის ა. ბ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.