Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-853-1067-08 11 დეკემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. ხ-ჯევი

წარმომადგენელი _ გ. მ-აძე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. წ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი – დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ე. წ-შვილის სარჩელი მოპასუხე კ. ხ-ჯევის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. წ-შვილს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხისათვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და ღობის გადაწევის დავალდებულების თაობაზე უსაფუძვლობის გამო, კ. ხ-ჯევს დაევალა საზღვარზე მის მიერ აშენებული სათავსოს მოშლა. კ. ხ-ჯევის შეგებებული სარჩელი სამეზობლო საზღვრის აღდგენის, უკანონო მშნებელობის მოშლისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. წ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. წ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის გამო, გაუქმდა ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ე. წ-შვილის მოთხოვნა, კ. ხ-ჯევის მფლობელობიდან გათავისუფლდა ე. წ-შვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და მასვე დაევალა ღობის 3,8 მ-ით გადაწევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა კ. ხ-ჯევმა და მისმა წარმომადგენელმა გ. მ-აძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 აგვისტოს განჩინებით კ. ხ-ჯევის საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. ხ-ჯევმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 აგვისტოს განჩინების გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გადაცილების საპატიოდ ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ არის ინვალიდი, ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზით დაავადებული, აწუხებს გულის იშემიური დაავადება, არ ახსოვს როდის ჩაჰბარდა გადაწყვეტილების ასლი, ხოლო მის ყოფილ რწმუნებულს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არ შეუტყობინებია სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შესახებ;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კ. ხ-ჯევის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი კ. ხ-ჯევსა და მის წარმომადგენელ ნათელა გონგაძეს ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდათ 2007 წლის 7 ივნისს, (ს.ფ.441,442), ხოლო მან საჩივარი აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2008 წლის 22 ივლისს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რადგანაც საჩივრის შეტანის ბოლო ვადა სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იყო 2008 წლის 17 ივნისი.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არის ინვალიდი, ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზით დაავადებული, აწუხებს გულის იშემიური დაავადება და არ ახსოვს როდის ჩაჰბარდა გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან მითითებულ საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მას კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2008 წლის 7 ივნისს (ს. 442). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, კანონი თავად კრძალავს კანონისმიერი ვადის აღდგენას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტიელბის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ იგი შედის კანონიერ ძალაში, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.

ამდენად, კ. ხ-ჯევის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სწორად ცნო დაუშვებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

კ. ხ-ჯევის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 14 აგვისტოს განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.