Facebook Twitter

¹ას-854-1211-06 10 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ს-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გაუქმებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. გ-მა 2004 წლის დეკემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. ს-ს მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ... ქ. ¹10-ში მდებარე ბინიდან მოპასუხის თანმხლებ პირებთან ერთად დაუყოვნებლივ გამოსახლება. თ. გ-მა თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2004 წლის 29 ივნისს მან ნოტარიულად დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ქ. თბილისში, .... ქ. ¹10-ში მდებარე ბინა, ხელშეკრულება დაიდო ბინის მესაკუთრე ი. მ-ს მინდობილი პირის თ. მ-თან. თ. გ-ი აღირიცხა ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. მის მიერ შეძენილ ბინაში ცხოვრობს მოპასუხე გ. ს-ი, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს ბინას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით თ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ. ს-ი თანმხლები პირებითურთ გამოსახლდა ქ.თბილისში, ... ქ. ¹10-ში მდებარე მოსარჩელე თ. გ-ს კუთვნილი ერთოთახიანი ბინიდან, სასარგებლო ფართით 19.71 კვ.მ და იგი თავისუფალი სახით ჩაბარდა მოსარჩელეს.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2005 წლის 31 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა.

გ. ს-მა 2005 წლის 17 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე აღსრულების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გ. ს-ს განცხადება დაკმაყოფილდა; შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება სამოქალაქო საქმეზე ¹2/38.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინებით გ. ს-ს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ს-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განჩინებით გ. ს-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თ. გ-მა 2006 წლის 4 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართა განცხადებით და მოითხოვა 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ს განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2006 წლის 19 ივლისიდან შევიდა კანონიერ ძალაში, არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ს-მა, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმება და აღსრულების შეჩერების გაუქმებაზე უარის თქმა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, ვინაიდან პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებს გადაწყვეტილებების გამოტანისას არ უმსჯელიათ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებებზე. კერძოდ, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ თ. მ-ს მიერ ხ. პ-თან გაფორმებული მინდობილობა უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გაფორმებულია კანონით დადგენილი რეკვიზიტების გარეშე და ხ. პ-ის ბინა მიყიდა თავისავე შვილს ი. მ-ს. 2004 წლის 29 ივნისს თ. მ-ა მოქმედებს უკვე თავისი შვილის ი. მ-ს სახელით და ხ. პ-ის ბინა კვლავ მიყიდა თ. გ-ს. ამ დროისათვის ხ. პ-ი უკვე გარდაცვლილი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ს-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება (ს.ფ. 70-71). პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ თ. გ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ს განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 146-148).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე დაუშვებელია ისეთი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ს-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.