Facebook Twitter

საქმე №108აგ-17 თბილისი

ვ-ე გ., 108აგ-17 17 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ვ-ს ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის განაჩენით გ. ვ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ გ. ვ-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 22 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.

2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულია მ. ბ-ი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: გ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. ვ-ს დაუდგინდა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 22 მარტიდან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. ვ-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენზე.

5. 2015 წლის 21 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა გ. ვ-მ და მისმა ადვოკატმა დ. მ-მ, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვეს გ. ვ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინების (გ. ვ-ე საქართველოს წინააღმდეგ) საფუძველზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ვ-სა და მისი ადვოკატის - დ. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ვ-ს ადვოკატმა დ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. ვ-ს გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

3. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ: ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.

4. ამდენად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების მიხედვით, ხოლო დასაშვებობის ეტაპის გადალახვის შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვა უნდა წარიმართოს იმ საპროცესო კოდექსით, რომლითაც კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მიმდინარეობდა საქმისწარმოება და მიღებულ იქნა გასაჩივრებული განაჩენი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის №222აგ-16 განჩინება; 2017 წლის 4 ივლისის №27აგ-17 განჩინება).

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გ. ვ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარმართულია ძველი - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემდეგ საქმე უნდა განეხილა და განაჩენი გამოეტანა ამავე კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქმე განიხილა და 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი გამოიტანა ამჟამად მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ეს გარემოება, 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველს.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 562-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ვ-სა და მისი ადვოკატის - დ. მ-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. ასევე, ამავე კოდექსის 570-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს და განაჩენი გამოიტანოს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინებაში (გივი ვაშაკიძე საქართველოს წინააღმდეგ) მითითებულ პირველ გარემოებაზე, კერძოდ: მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნაკლოვანებების გამო თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განაჩენების არასაკმარის დასაბუთებასთან მიმართებით.

7. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, იგი არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ამჟამად მოქმედი რედაქცია) 314-ე, 329-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი გ. ვ-სა და მისი ადვოკატის - დ. მ-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

2. გ. ვ-ს საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

ბ. ალავიძე