Facebook Twitter

¹ას-857-1170-07 19 დეკემბერი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ე, ქ. ე-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 22 მაისს ნ. კ-მ და თ. გ-მ სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ნ. კ-ის, ქ. ე-ის, მესამე პირის _ იმერეთის ... აღმასრულებლის მიმართ და მოითხოვეს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მისი კუთვნილი დაყადაღებული ნივთები განთავისუფლდა ყადაღისაგან, ხოლო თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 405 ლარს, რაც არ აღემატება 1000 ლარს. აღნიშნულ გარემოებას სააპელაციო საჩივარში თავადვე უთითებს კერძო საჩივრის ავტორი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.