ას-857-1214-06 12 მარტი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე. ლ-უ (განმცხადებელი)
წარმომადგენელი _ შ. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ა-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ლ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით ნ. ა-ს უძრავ და მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ე.ლ-ს განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ნ.ა-ს კუთვნილ ქ.თბილისში, ... დასახლების მე-4 მკ/რ-ის I კვარტლის მე-6 კორპუსში მდებარე ¹... ბინასა და იქ არსებულ მოძრავ ნივთებს.
რაიონული სასამართლოს განჩინებაზე ნ. ა-მ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ნ. ა-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და ე. ლ-ს განცხადებას სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ უარი ეთქვა.
ნ. ა-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინების განმარტება, რაც, განმცხადებლის აზრით, ხელს შეუწყობდა განჩინების აღსრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ. ა-ს განცხადება დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინების მეორე პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: გაუქმდეს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 აგვისტოს განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ე. ლ-ს განცხადება და ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ... დასახლების მე-4 მკ/რ-ის I კვარტლის მე-6 კორპუსში მდებარე ¹... ბინას, აღნიშნულ ბინაში არსებულ ოცდაორი დასახელების მოძრავ ნივთს და ე. ლ-ს განცხადებას სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ ეთქვას უარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე.ლ-ს წარმომადგენელმა შ. შ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სადავო განჩინების განმარტებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინების განმარტებით მისი სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი შეიცვალა. პალატამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა ნ. ა-ს განცხადების მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ. ა-ს განცხადება დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინების მეორე პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: “გაუქმდეს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 აგვისტოს განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ე. ლ-ს განცხადება და ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ... დასახლების მე-4 მკ/რ-ის I კვარტლის მე-6 კორპუსში მდებარე ¹... ბინას, აღნიშნულ ბინაში არსებულ ოცდაორი დასახელების მოძრავ ნივთს და ე. ლ-ს განცხადებას სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ ეთქვას უარი.”
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო განჩინების განმარტებით მისი სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი შეიცვალა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. მითითებული ნორმა მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების შინაარსის იმგვარ განმარტებას, რომ იგი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს მხარეთათვის. ამასთან, განმარტება უნდა მოხდეს გადაწყვეტილების შინაარსის შეუცვლელად.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განმარტა რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, მისი შინაარსი მხარეთათვის მეტად გასაგები გახადა და აღნიშნულით განჩინების შინაარსი არ შეუცვლია, ვინაიდან მითითებული განჩინების განმარტების შედეგად მხოლოდ დაკონკრეტდა, რომ 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 აგვისტოს ის განჩინება, რომლითაც ე. ლ-ს განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ... დასახლების მე-4 მკ/რ-ის I კვარტლის მე-6 კორპუსში მდებარე ¹... ბინასა და აღნიშნულ ბინაში არსებულ ოცდაორი დასახელების მოძრავ ნივთს, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის დებულება, რომ ე. ლ-ს განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინებით არ განმარტებულა და, შესაბამისად, ცვილილებასაც ვერ განიცდიდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო ე.ლ-ს წარმომადგენელ შ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ლ-ს წარმომადგენელ შ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.