ას-858-1215-06 5 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - .. .. .. (მოპასუხე)
დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. გ-ი .. .. .. მუშაობდა 1974 წლიდან. იგი .. .. .. გამგეობის თავმჯდომარის 2006 წლის 12 აპრილის ¹4 ბრძანების საფუძველზე დათხოვნილ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მან 2006 წლის 4 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე .. .. .. თავმჯდომარე ო. ს-ის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით .. .. .. წარმომადგენელი ა. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის გამოუცხადებლობის მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარეს არ მოუთხოვია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მან იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ გამოიყენა ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვებისა.
სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი თ. გ-ი, რომელსაც შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესების დაცვით (ს.ფ. 65). გამოცხადებული .. .. .. წარმომადგენელს ა. ი-ს არ მოუთხოვია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და იშუამდგომლა თ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
თ. გ-ი თავის კერძო საჩივარში უთითებს, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ 2006 წლის აპრილში არასწორად იქნა განთავისუფლებული .. .. .. ...ის თანამდებობიდან. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მართალია სასამართლო სხდომის შესახებ მისთვის ცნობილი იყო და უწყებაც ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად მაგრამ 2006 წლის 15 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე ვერ გამოცხადა, რადგან ავად იყო 14 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, თ. გ-ის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2006 წლის 15 ნოემბერს 10.00 საათზე, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ს.ფ. 65), მაგრამ იგი არ გამოცხადდა სააპელაციო პალატის სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი აცნობა სასამართლოს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში აპელანტის გამოუცხადებლობის მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარეს არ მოუთხოვია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მან იშუამდგომლა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სააპელაციო პალატის მიერ ასევე სწორად იქნა გამოყენებული ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვებისა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ იგი სხდომაზე ვერ გამოცხადა, რადგან იყო ავად 14 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას. თ. გ-მა კერძო საჩივარს დაურთო ექიმის ცნობა იმის შესახებ, რომ იგი 2006 წლის 14 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე ავად იყო დიაგნოზით - მწვავე რესპირატორიული დაავადება (ს.ფ. 88), მაგრამ ამ ცნობით არ დასტურდება მისი სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს თ.გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.