Facebook Twitter

ას-860-1197-07 19 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის

მოსამართლე ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “გ...” (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. ..”

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ აქციონერად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “გ...მ” განცხადებით მიმართა სასამართლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 26 აგვისტოს განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 ივნისის განჩინებით შპს “გ...ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შპს “გ...მ” კვლავ განცხადებით მიმართა ამჯერად საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 13 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 31 მარტის განჩინებით შპს “გ...ს” განცხადება არ დაკმაყოფილდა.

შპს “გ...მ” ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით მოითხოვა ზემოხსენებული განჩინების გაუქმება, საკასაციო პალატის 2002 წლის 13 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ზემოხსენებული განცხადება დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამავე პალატის 2004 წლის 31 მარტის განჩინება მხარემ ჩაიბარა 2004 წლის 13 მაისს, ხოლო განცხადება კი შეიტანა 2004 წლის 20 აგვისტოს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა.

2005 წლის თებერვალში შპს “გ...მ” საკასაციო სასამართლოს 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებად ცნობა, თუმცა საკასაციო სასამართლოს განჩინება მითითებული კერძო საჩივრის განხილვის თაობაზე საქმის მასალებში არ მოიპოვება.

2006 წლის 28 ნოემბერს შპს “გ...მ” განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე მის მიერ 2005 წლის თებერვალში შეტანილი კერძო საჩივრის განხილვის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის ხარვეზის განჩინებით შპს “გ...ს” დაევალა, დაეზუსტებინა თავისი მოთხოვნა და შესაბამისად გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი.

2007 წლის 13 ნოემბრის განცხადებით მხარემ დააზუსტა, რომ მის მოთხოვნას შეადგენს საკასაციო პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე 2005 წლის თებერვალში შეტანილი კერძო საჩივრის განხილვა და განცხადებას დაურთო კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “გ...ს” კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს “გ...ს” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

აღნიშნულის მიეხედავად, შპს “გ...მ” დასახელებულ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის კერძო საჩივარი, რომელიც შეტანილია კანონმდებლობით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. განსახილველი კერძო საჩივარი შეტანილია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნული ნორმა გარკვეული სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას ადგენს კანონიერ ძალაში შესული განჩინებისა თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების ამომწურავ წესს, კერძოდ, მის ბათილად ცნობას ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებას.

ამდენად, კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რის გამოც შპს “გ...ს” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შპს “გ...ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “გ...ს” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

შპს “გ...ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.