Facebook Twitter

¹ას-861-1217-06 5 აპრილი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. უ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 20 აგვისტოს ნ. უ-მა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. მ-ს მიმართ და მოითხოვა კუთვნილი ჯიხურიდან მოპასუხის იძულებით გაყვანა იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჯიხური მიაქირავა მოპასუხეს თვეში 30 ლარად, რომელმაც თავდაპირველად წინასწარ გადაუხადა 500 ლარი, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ არც ქირას უხდის და არც ჯიხურს უბრუნებს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. უ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. მ-ი იძულებით იქნა გაყვანილი გურჯაანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ჯიხურიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესითგაასაჩივრა გ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მხარებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, რის საფუძველზეც განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება. ამასთან, მხარეებმა წერილობითი ფორმით უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.მ-მა და მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ მორიგების აქტის შედგენის დროს იყო დაბნეული, ამჟამად გააცნობიერა მომავალი შედეგები, რის გამოც უარს აცხადებს ნ. უ-თან მორიგებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებით გ.მ-ს კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ გ. მ-ს კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 370-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება. მითითებული მუხლის მიხედვით, სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა მხარის უფლებაა, რომლის დროსაც მხარე, რომელმაც უარი განაცხადა, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 22 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, ითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც სააპელაციო სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილა. ამასთანავე დადგენილია, რომ მხარეებმა წერილობით მოითხოვეს მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან განჩინებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურეს პირადი ხელმოწერით. (ს.ფ. 170)

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. მ-ს კერძო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო, რაც დადასტურებულია პირადი ხელმოწერით, განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. მ-ს კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

კერძოO საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.