ას-862-1218-06 13 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. გ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. დ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. დ-ის მიმართ განქორწინების შესახებ.
ნ. დ-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მ. გ-სათვის საერთო ქორწინებაში შეძენილი სამი შვილის სარჩენად ალიმენტის გადახდევინება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მ. გ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა გ., უ. და ნ. გ-ების სარჩენად ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა.
რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება ნაწილობრივ მ. გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 31 ოქტომბერს, რის შესახებ ეცნობათ მხარეებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე, 372-ე მუხლებით და 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაბარებია. მართალია, მხარეებმა საერთო ბინა გაასხვისეს და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორი სასამართლო გზავნილებს იღებდა მეზობლების დახმარებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უწყება არც მათ არ მიუღიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 31 ოქტომბერს, რის შესახებ სასამართლო უწყებები მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით გაეგზავნათ.
საქმის მასალებში წარმოდგენილ საფოსტო კონვერტზე არსებული აღნიშვნის თანახმად, საქმეში მითითებულ მისამართზე მხარეები აღარ ცხოვრობენ და მათი ბინა გაყიდულია.
სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს მხარეები არ გამოცხადდნენ, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი, რომლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმით კანონმდებელი დაინტერესებულ მხარეს ვალდებულებას აკისრებს აცნობოს თავისი მისამართი სასამართლოს, აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა კი ფაქტობრივად ართმევს მხარეს მისთვის მინიჭებულ საპროცესო უფლებას, მიიღოს სასამართლო უწყება. განსახილველ შემთხვევაში მ. გ-სა და ნ. დ-ს სასამართლოსათვის თავისი შეცვლილი მისამართი არ უცნობებიათ, რაც მ. გ-მა კერძო საჩივარშიც დაადასტურა. ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ გაგზავნილი უწყება მათთვის ჩაბარებულად ითვლება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად გამოიყენა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუკი დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უწყება სხდომის დღის შესახებ მხარეთათვის ჩაბარებულად ითვლება, თუმცა ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ.გიგუაშვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა, ხოლო განსახილველ კერძო საჩივარში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების რაიმე სამართლებრივი საფუძველი მითითებული არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მ. გ-ის კერძო საჩივარს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.