Facebook Twitter

საქმე#330802218002378060

განჩინება

საქართველოს სახელით

11I-18 ქ. თბილისი

გ-ი ს., 11I-18 13 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორების - ნანიკო ზაზუნაშვილის, თემურ ცინდელიანის

ადვოკატ - ი. ნ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. გ-ს

თარჯიმან - თ. ც-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. გ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების მიხედვით:

2016 წლის 29 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს ლენინგრადის სარაიონთაშორისო საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ს. გ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ს. გ-ს ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 105-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), 119-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 167-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

2016 წლის 1 სექტემბერს ს. გ-ს მიმართ გამოცხადდა საერთშორისო ძებნა.

2016 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სტარომინსკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ს.გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.

ს. გ-ი რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ს. გ-ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2016 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 05:00-06:00 საათამდე დროის შუალედში, …..მხარის…..რაიონის …..შესახვევის N …..ბინათმფლობელობის ჭიშკართან, ს. გ-მ, პიროვნულად უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ვ. ფ-ს თავისა და კისრის არეში სამჯერ დაარტყა დანა.

ვ. ფ-მ ს. გ-ს გაუწია წინააღმდეგობა, თავი დააღწია და გაიქცა N …..სახლის ეზოში, სადაც დაეცა მიწაზე. ს გ-მ მიირბინა დაზარალებულთან, ზევიდან მოექცა მას და შეეცადა თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანას, თუმცა მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, კერძოდ, მესამე პირის ჩარევისა და დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ვ. ფ-ი გადაურჩა სიკვდილს; მან მიიღო დაზიანებები თავის, კისრის, წინამხრისა და გულმკერდის არეებში.

· 2016 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 7 საათსა და 30 წუთზე, ….. მხარის …..რაიონის ….. ქ. N …..-ში მყოფმა ს.გ-მ, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თავის არეში მუშტებითა და ხელით ო. გ-ს მიაყენა არანაკლებ 10 დარტყმა, ამასთან ერთად, ხელებით უჭერდა ყელში. მითითებულმა ქმედებებმა განაპირობა მრავლობითი სისხლჩაქცევების განვითარება, რაც არ განიხილება ჯანმრთელობის დაზიანებად. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ო. გ-ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2016 წლის 26 ივნისს, 05:00 საათზე, ….. რაიონის …..ქ. N …..-ში მყოფმა ს.გ-მ, პირადი უთანხმოების გამო, შეცდომით ვარაუდობდა რა, რომ ქონება ეკუთვნოდა ი.ფ-ს, განზრახ დააზიანა ა.პ-ს კუთვნილი 2 ტელევიზორი და უნიტაზი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა 5488 რუბლის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, დროის მითითებულ პერიოდში არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მაჩვენებლის შესაბამისად, ხსენებული თანხა შეადგენდა დაახლოებით 192 ლარის ეკვივალენტურ ოდენობას.

3. 2017 წლის 27 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. გ-ი.

4. 2017 წლის 29 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ს. გ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.

5. 2017 წლის 26 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ს. გ-ს ექსტრადიციის თაობაზე და შესაბამისი თანდართული მასალები.

6. 2017 წლის 24 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს. გ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 27 თებერვლამდე.

7. 2018 წლის 23 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს. გ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 27 მაისამდე.

8. 2018 წლის 30 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ს. გ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს ლენინგრადის სარაიონთაშორისო საგამოძიებო განყოფილების 2016 წლის 29 აგვისტოს დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 105-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), იმავე კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 167-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

დასაშვებად იქნა ცნობილი ს. გ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებისთვისაც მიცემულია პასუხისგებაში რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს ლენინგრადის სარაიონთაშორისო საგამოძიებო განყოფილების 2016 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 105-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), იმავე კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 167-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

10. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს.გ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 27 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე - საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ს. გ-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. კასატორის მოსაზრებით, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში ს. გ-ს სიცოცხლეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაემუქრება საფრთხე, მის მიმართ ასევე არსებობს წამების ან არაადამიანური მოპყრობის საფრთხე, ვინაიდან მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აღიარებითი ჩვენების მიღების სანაცვლოდ ს. გ-ი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა აწამეს და დაემუქრნენ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და წამოსულიყო საქართველოში.

5. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მითითებულ მოსაზრებებს და მიუთითებს შემდეგს:

6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ პირი ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის „რეალური საფრთხე“ („სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Soering v. the United Kingdom), # 14038/88, § 88-91, 07.07.1989; „ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Vilvarajah and others v. United Kingdom), # 13163/87 & 13164/87 &13165/87 & 13447/87 & 13448/87, 30.10.1991). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება („ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ (J.K. and others v. Sweden) # 59166/12; § 91,96, 23.08.2016., „საადი იტალიის წინააღმდეგ“ (Saadi v. Italy) # 37201/06, § 129, 28.02.2008).

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ ვერ მოიძია, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რუსეთის ფედერაციიის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ს. გ-ს მიმართ არაადამიანური მოპყრობისა თუ მუქარის ფაქტებს და, შესაბამისად, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ზოგადი განცხადებები უფლებების შესაძლო შელახვასთან დაკავშირებით, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.

8. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ს. გ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახის ურღვევობის პრინციპი, ვინაიდან მას საქართველოში ჰყავს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ვისთანაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი 1 წლის განმავლობაში ერთ სახლში ცხოვრობდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირის ექსტრადიციის კანონიერ მიზანს. ანალოგიურ შემთხვევებში უფლების შეზღუდვის პროპორციულობის შესაფასებლად სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლების შეზღუდვის ხარისხს („კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (King v. The United Kingdom) # 9742/07, 26.01.2010).

10. საექსტრადიციო მასალების თანახმად, დადგენილია, რომ ს.გ-ი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებამდე, 10 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე ქალბატონთან ერთად. ს. გ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 27 აგვისტოს, ხოლო მასთან ქორწინება დარეგისტრირდა 2017 წლის 12 ოქტომბერს, ს. გ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. ამასთანავე, დადგენილია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს რუსეთის ფედერაციაში აქვს მყარი ოჯახური კავშირები, კერძოდ, იქ ცხოვრობენ მისი ყოფილი მეუღლე, 3 წლის შვილი, ძმა და მშობლები.

11. ასევე ყურადსაღებია, რომ ს. გ-ს ბრალი ედება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ასევე - სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და სხვისი ქონების განზრახ დაზიანებაში. ს. გ-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რეგისტრირებულია და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია რუსეთის ფედერაციაში.

12. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს. გ-ს ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილ მოთხოვნას და ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევა პროპორციულია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით.

13. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International-ისა” და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს რუსეთის ფედერაციის დაკავებისა და საპატიმრო დაწესებულებებში არსებული მძიმე მდგომარეობისა და პირობების შესახებ, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ს. გ-ს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გარტანტირებული უფლებების დარღვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს შემდეგს:

14. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

15. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს ზოგადი სახის ინფორმაცია, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ს. გ-თან და არ დასტურდება, რომ მისი ექსტრადიციის შემთხვევაში რაიმე ნიშნით შეიზღუდება მისი უფლებები, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს წარმოუდგინა გარანტია, რომ ს. გ-ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური ნიშნით დევნის მიზნით და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. იგი ისარგებლებს დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით. აღნიშნული გარანტია სრულად აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სარწმუნოობის სტანდარტს. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ რუსეთის ფედერაცია მონაწილეა და ნაკისრი აქვს ვალდებულებები ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპულ მექანიზმებში.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ს. გ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებისთვისაც მიცემულია პასუხისგებაში რუსეთის ფედერაციის კ-ს მხარის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს ლენინგრადის სარაიონთაშორისო საგამოძიებო განყოფილების 2016 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 105-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), იმავე კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 167-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი.ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი