Facebook Twitter

ას-865-1151-09 8 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რობეტ ოგანესიანი(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლიანა ოგანესიანი(მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლიანა ოგანესიანმა რობერტ ოგანესიანის მიმართ 1992 წლის 18 სექტემბერს გაცემულ კანონისმიერ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანისა და ქ. თბილისში, კაიშაურის ქ¹21-ში მდებარე უზრავი ქონების შაივალატ ოგანესიანის კუთვნილი წილიდან ¼ წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ლიანა ოგანესიანის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა რობერტ ოგანესიანმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით რობერტ ოგანესიანის სააპელაციო საივარი დარჩა განუხილველი.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და მის გამოსასწორებლად აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში მიეთითებინა დავის საგნის ღირებულება და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით;

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხარვეზის თაობაზე განჩინება აპელანტ რობერტ ოგანესიანს პირადად ჩაბარდა 2009 წლის 25 ივნისს, ხოლო ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 07 ივლისს.

შესააბამისად პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დარღვევით – 2009 წლდის 07 ივლისს წარმოდგენილი განცხადება არ ექვემდებარებოდა განხილვას. პალატამ აღნიშნა, რომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით 2009 წლის 07 ივლისს წარდგენილი განცხადებით აპელანტმა მიუთითა ხარვეზის დაგვიანებით გამოსწორების მიზეზზე – სამსახურებრივ მივლინებაზე, რასთან ერთადაც იშუამდგომლა ხარვეზის შევსებულად ცნობასთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი განცხადებით ვერ იქნა დადასტურებული ისეთი გარემოება, რის გამოც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაშვება საპატიოდ შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი. პალატის მოსაზრებით, სამსახურებრივი მივლინება არ შეიძლება ჩათვლილიყო ხარვეზის შევსებისათვის ხელისშემშლელ განსაკუთრებულ გარემოებად გამომდინარე იქედან, რომ სამსახურებრივი მივლინებების შესახებ აპელანტისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო წინასწარ, რასაც უნდა განეპირობებინა ვადის გაშვების თავიდან აცილება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა პირადად – 2009 წლის 25 ივნისს და ამდენად, მას ჰქონდა შესაძლებლობა, სამსახურებრივ მივლინებამდე გამოესწორებინა ხარვეზი ან ეშუამდგომლა ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული განჩინება კერძოს საჩივრით გაასაჩივრა რობერტ ოგანესიანმა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ის არის მფრინავი, ემსახურება გაეროს სადამკვირვებლო მისიას და 26 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ასრულებდა ყოველდღიურ რეისებს, რის გამოც არ ჰქონდა შუალედი, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

კერძოს საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ ოჯახში ჰყავს ავადმყოფი და, რომელსაც არ შეეძლო მის მაგივრად გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი და შესაბამისად მან ხარვეზი შეავსო 7 ივლისს და იმავე დღეს წარადგინა სასამართლოში აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დიდი ალბათობაა მასსა და მის მოწინააღმდეგეს შორის დავის მორიგებით დასრულების და შესაბამისად მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ რობერტ ოგანესიანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რობერტ იგანესიანის სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და მის გამოსასწორებლად აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში მიეთითებინა დავის საგნის ღირებულება და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით; ხარვეზის თაობაზე განჩინება აპელანტს პირადად ჩაბარდა 2009 წლის 25 ივნისს. მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით, რობერტ ოგანესიანის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს შესაბამის ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა კი წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, რობერტ ოგანესიანის მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ იგი 26 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ასრულებდა ყოველდღიურ რეისებს, რის გამოც არ ჰქონდა შუალედი, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, ხარვეზის შეუვსებლობის აღნიშნულ მოტივს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. პალატა განმარტავს, რომ თუ არსებობდა ხარვეზის აღმოფხვრისათვის დამაბრკოლებელი გარემოებები კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო აღნიშნულის თაობაზე გაეფრთხილებინა სასამართლო, რითაც თავიდან აიცილებდა შესაბამის შედეგს. E

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს ვადის დარღვევას საპატიოდ, თუ არსებობს შესაბამისი საპატიო გარემოებები, რასაც მოცემულ Aშემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მხარის მიერ კერძო საჩივარში მოყვანილი გარემოებები, კერძოდ კი ის რომ იგი იმყოფებოდა მივლინებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო საფუძვლად და ხარვეზის შეუვსებლობის ხელისშემშლელ განსაკუთრებულ გარემოებად. შესაბამისად აღნიშნულ გარემოებაზე მითითება ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რობერტ ოგანესიანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინება

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.