Facebook Twitter

¹ას-865-1221-06 12 აპრილი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ვ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 27 მაისს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ. ი-მა მოპასუხე რ. ვ-ს მიმართ და მოითხოვა მისი ბინიდან გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ გლდანის რაიონის გამგეობის 1989 წლის 3 მაისის ¹41 გადაწყვეტილებით გადაეცა სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ვარკეთილის 3-ში, II მ/რ-ის, ¹... კორპუსის ბინა ¹...–ში. აღნიშნული ბინა მშენებარეა, თუმცა მის დამთავრებამდე იგი უკანონოდ დაიკავა მოპასუხემ, რის გამოც ბ. ი-მა მოითხოვა მისი გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, ბ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა საქმეში თანამოპასუხედ იქნა ჩართული, რის გამოც სასამართლომ აღნიშნული დავა მიიჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავად, საქმეს შეუცვალა სარეგისტრაციო ნომერი და დაექვემდებარა ადმინისტრაციული წესით განხილვას.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რ. ვ-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ვარკეთილის 3-ში, მე-2 მ/რ-ის, ¹... კორპუსის ბინა ¹...-ში და ჩაბარდა მის მფლობელს ბ. ი-ს. რ. ვ-ა გამოსახლებულ იქნა დასახელებული ბინიდან ყველა იმ პირებთან ერთად, რომლებიც იქ აღმოჩნდნებოდნენ გამოსახლების დროს კანონიერი საფუძვლის გარეშე.

2005 წლის პირველ მარტს რ. ვ-ს წარმომადგენელმა თ. ღ-მა საჩივრით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, აღსრულების შეჩერება და საქმის არსებითად განხილვა.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის განჩინებით ამავე სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა ბ. ი-ის სარჩელთან დაკავშირებით საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 ივლისის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ რ. ვ-ს წარმომადგენლის _ თ. ღ-ის საჩივარი წარმოადგენს არა საჩივარს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, არამედ სააპელაციო საჩივარს, რის გამოც 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადააგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით რ. ვ-ს წარმომადგენლის _ თ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ვ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. ვ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (2005 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) 364-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, რომელიც არის სააპელაციო სასამართლო. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად _ გადაგზავნის დრო.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დაადგინა, რომ რ. ვ-ს წარმომადგენლის _ თ. ღ-ის საჩივარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სწორად იქნა მიჩნეული სააპელაციო საჩივრად, კანონით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაშვებით არის შეტანილი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2005 წლის 25 თებერვალს და, შესაბამისად, მისმა წარმომადგენლმა თ. ღ-მა 2005 წლის პირველ მარტს საჩივარი დროულად შეიტანა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაზე რ. ვ-მ უარი განაცხადა, რასაც ადასტურებს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს დამტარებლის _ ს.ღ-ის მიერ 2004 წლის 8 დეკემბერს შედგენილი აქტი (ს.ფ.53).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება, ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. მითითებული მუხლის თანახმად, თუ ადრესატი იმყოფება ადგილზე, მაგრამ უარს აცხადებს უწყების მიღებაზე, აღნიშნული ვერ შეუშლის ხელს მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლო სხდომის ჩატარებას ან ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას და ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება ყველა თავისი შედეგით. ამდენად, მოცემული მუხლის თანახმად, რ. ვ-სთვის გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვალა 2004 წლის 8 დეკემბერს, ხოლო საჩივარი შეტანილ იქნა 2005 წლის პირველ მარტს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, რის გამოც მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ვ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.