¹ას-866-1152-09 9 ნოემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ ე. ლ-ია (წარმომადგენელი მ. ა-შვილი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. მ-შვილი
მოპასუხე _ გ. პ-იანი
გასაჩივრებული განჩინება _ Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. მ-შვილმა მოპასუხე გ. პ-იანის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნ. მ-შვილსა და გ. პ-იანს შორის 2006 წლის 14 აგვისტოს დაიდო სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გ. პ-იანმა ნ. მ-შვილისგან მიიღო 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უპროცენტო სესხის სახით, ექვსი თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მესამე რიგის იპოთეკით დაიტვირთა ქ. ბათუმში მდებარე გ. პ-იანის ბინა. სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელე საჯარო რეესტრში აღრიცხულია მეორე რიგის იპოთეკარად. მოსარჩელის მითითებით, გ. პ-იანის ფინანსური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ საფრთხე შეექმნა მისი სესხის დაბრუნებას, რამაც აღნიშნული სარჩელის აღძვრა განაპირობა (ს.ფ. 1-3).
2009 წლის 6 აპრილის საოქმო განჩინებით გ. პ-იანის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა 2008 წლის 11 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად იპოთეკით დატვირთული ბინის მესაკუთრე ე. ლ-ია (ს.ფ. 89-93).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ. პ-იანს დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის გადახდა ნ. მ-შვილის სასარგებლოდ. აღნიშნული თანხის დაფარვის მიზნით დადგინდა გ. პ-იანის მიერ იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ნ. მ-შვილსა და გ. პ-იანს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ თავიდანვე დაარღვია ვალდებულება და მოსარჩელეს არ მისცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინით სარგებლობის უფლება. მოპასუხის მიერ დაირღვა ასევე ვალდებულება თანხის დაბრუნებაზე (ს.ფ. 104-110).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-იანმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტი მიუთითებდა, რომ სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ იყო მისი და იგი შესაბამისად არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს (ს.ფ. 113-117).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა ე. ლ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და 16 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტი მიუთითებდა, რომ სესხის სახით გადაცემული თანხიდან გადასახდელი იყო მხოლოდ 4000 აშშ დოლარი (ს.ფ. 118-123).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინებით გ. პ-იანის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. გ. პ-იანს დაევალა დავის საგნის ღირებულების 4% ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ს.ფ. 127-130).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინებით გ. პ-იანის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 152-155).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით ე. ლ-იას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა მოთხოვნის დაზუსტება (ს.ფ. 131-134).
2009 წლის 10 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა ე. ლ-იას წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საჩივრდებოდა მხოლოდ გ. პ-იანისათვის 16 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (ს.ფ. 142).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინებით ე. ლ-იას სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო საამართლოში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხის გადახდა დაეკისრა გ. პ-იანს, აღნიშნულით განისაზღვრა პ-იანის უფლებები და მოვალეობები. ე. ლ-ია ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას გ. პ-იანისათვის 16 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, შესაბამისად, ე. ლ-ია არ იყო უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე (ს.ფ. 156-160).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ლ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ე. ლ-იას, როგორც იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრეს, შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იპოთეკა ლ-ისათვის აქცესორული უფლებაა, რომელიც დამოკიდებულია გ. პ-იანსა და ნ. მ-შვილის სესხის ხელშეკრულებაზე და შესაბამისად, უშუალო კავშირშია ე. ლ-იას, როგორც ბინის მესაკუთრის უფლებებთან და ვალდებულებებთან (ს.ფ. 171-172).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ლ-იას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ე. ლ-იას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ლ-ია წარმოადგენს ნ. მ-შვილსა და გ. პ-იანს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ბინის მესაკუთრეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ. პ-იანს დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის გადახდა ნ. მ-შვილის სასარგებლოდ და ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დადგინდა იპოთეკით დატვირთული ბინის აუქციონზე რეალიზაცია. ე. ლ-იას მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გ. პ-იანისათვის 16 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ლ-ია უფლებამოსილია გაასაჩივროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება. სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო. ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა იცავს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რომელიც არ არის პირადი მოვალე იმგვარად, რომ იპოთეკარის წინააღმდეგ პრეტენზიის წაყენების შესაძლებლობების ქონის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ათანაბრებს მას პირად მოვალესთან, ანიჭებს უფლებას, წარადგინოს ის შესაგებლები, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს. აღნიშნული ბუნებრივიცაა, რამდენადაც, უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც არ არის პირადი მოვალე და აქცესორული ვალდებულების მატარებელია, მთლიანადაა დამოკიდებული იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირად მოვალესა და კრედიტორს შორის არსებულ ძირითად ვალდებულებაზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ე. ლ-იას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ბინის აუქციონზე რეალიზაციის საკითხი მთლიანადაა დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიიღებს სასამართლო ნ. მ-შვილის სარჩელზე გ. პ-იანისათვის თანხის დაკისრების ნაწილში. აქედან გამომდინარე, ე. ლ-ია პროცესუალურად უფლებამოსილია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ შეეხება მისი, როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრის ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინება და ე. ლ-იას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ლ-იას (წარმომადგენელი მ. ა-შვილი) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინება და ე. ლ-იას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.