Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-866-1176-07 11 თებერვალი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ქ. კ-იძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. და ი. კ-ძეები (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. და მ. კ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ. და ქ. კ-იძეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები ცხოვრობენ სამტრედიის სოფელ ი-ში მდებარე ი. კ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში. მოპასუხეები არიან მათი შვილი და რძალი, რომლებიც 1984-2003 წლებში ცხოვრობდნენ მათი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდაბარე საკუთარ სახლში. 2003 წელს, მოსარჩელეებსა და მათთან მცხოვრები ძმის ოჯახს შორის წარმოშობილი კომფლიქტის გამო, ძმას და რძალს ნებაყოფლობით გაუცვალეს საცხოვრებელი სახლი და თავად გადავიდნენ საცხოვრებლად მშობლებთან. მხარეებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო მათ ერთად ცხოვრება შეუძლებელია. ამასთან, რ. კ-ძის აქვს საკუთარი სახლი, სადაც რეგისტრირებულია კომლის უფროსად, ხოლო მისი მეუღლე კომლის წევრად.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ დასაბუთებით, რომ სადავო სახლი წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები სამტრედიის რაიონის სოფელ ი-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლდნენ, მ. კ-ძეს კი უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რ. და ქ. კ-იძეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და კომლიდან წილის გამოყოფა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი კომლიდან წილის გამოყოფის ნაწილში დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ რ. და ქ. კ-იძეებს შეგებებული სარჩელი სასამართლოში არ აღუძრავთ, რაც დასტურდება სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 აგვისტოს სასამართლო ოქმში დაფიქსირებული მოპასუხეთა წარმომადგენელ ნ.სანაძის განმარტებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა კომლიდან წილის გამოყოფა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 381-ე მუხლების დარღვევით, რაც ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ. კ-იძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და კომლიდან წილის გამოყოფის ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ კომლიდან წილის გამოყოფა მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მოუთხოვია. ფაქტობრივად, სადავო მოთხოვნა მათ დააფიქსირეს როგორც შეგებებულ სარჩელში, ისე სასამართლო სხდომაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. კ-იძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ქ. და რ. კ-ძეებმა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინეს შეგებებული სარჩელი და მოითხოვეს კომლიდან წილის გამოყოფა, ასევე იგივე მოთხოვნა დააყენეს სასამართლო სხდომაზეც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს მის მიერ დასახელებული კონკრეტული გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე ან შეგებებული სარჩელით მოითხოვეს კომლიდან წილის გამოყოფა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 აგვისტოს სასამართლო ოქმში დაფიქსირებული მოპასუხეთა წარმომადგენელ ნიკოლოზ სანაძის განმარტებით კი დასტურდება, რომ მოპასუხეებმა სასამართლოში შეიტანეს არა სარჩელი ან შეგებებული სარჩელი, არამედ შესაგებელი. ამდენად, კერძო საჩივრის აღნიშნული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყბენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პირს შეუძლია, სურვილისამებრ, თავისი კანონიერი ინტერესები დაიცვას სასამართლოს მეშვეობით, რისთვისაც შეაქვს განცხადება ან სარჩელი. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფარგლებში.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. დასახელებული ნორმის მიხედვით, მხარეებს ეზღუდებათ სააპელაციო ინსტანციაზე გარკვეული საპროცესო მოქმედებების შესრულება, მათ შორის, ისეთი მოთხოვნის დაყენება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეს არ ჰქონია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. კ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.