Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1078-658(კ-05) 1 თებერვალი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 8 ივლისს ე. მ.-მა განცხადებითYმიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოოპერატივ «ჯ.-სთვის» დაკისრებული 22569 ლარი დავალიანების დასაფარავად კრედიტორმა 2000წ. 27 სექტემბერს ჩატარებული აუქციონით თელავის რ-ნის სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით გაყიდა კოოპერატივ «ჯ.-ს» კუთვნილი 44 ჰა ვენახი, რომელიც შეიძინა მოსარჩელე ე. მ.-მა და როგორც საგარანტიო, ასევე ნარჩენი თანხის ადგილზე წარდგენით გადაიხადა 13000 ლარი და სახელმწიფო ბაჟი _ 625 ლარი. თელავის რ-ნის სააღსრულებო ბიუროს 2000წ. 27 სექტემბრის განკარგულებით აღნიშნული ქონება მოსარჩელეს გადაეცა საკუთრებაში.

მოსარჩელის განმარტებით, თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აუქციონის შედეგები, რის გამოც მოსარჩელეს, როგორც კეთილ...-იერ შემძენს, უკან უნდა დაბრუნებოდა გადახდილი თანხა. ვინაიდან ე. მ.-ის მიერ აუქციონზე გადახდილი თანხა სააღსრულებო ბიუროსა და თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნით მოსარჩელემ ჩარიცხა კოოპერატივ «ჯ.-ს» ანგარიშზე, საიდანაც თანხა გადაერიცხა თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას, აღნიშნული თანხა ე. მ.-ს უკან იმავე გზით უნდა დაბრუნებოდა. თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას ე. მ.-ის მიერ აუქციონზე გადახდილი 13000 ლარი უნდა ჩაერიცხა კოოპერატივ «ჯ.-ს» ანგარიშზე, ხოლო კოოპერატივი «ჯ.-» კი თანხას დაუბრუნებდა მოსარჩელეს. თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის დასკვნების საფუძველზე 2001წ. 1 ივნისიდან ე. მ.-ს პერიოდულად დაუბრუნდა თანხის გარკვეული ნაწილი, ხოლო დარჩენილი 9920 ლარი, მართალია, თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ჩაურიცხა კოოპერატივ «ჯ.-ს» ე. მ.-ისთვის გადასაცემად, მაგრამ, სანამ მოსარჩელე აღნიშნულ თანხას მიიღებდა, თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ინკასო დაადო კოოპერატივ «ჯ.-ს» ანგარიშებს ბანკში და 9920 ლარი დაიბრუნა თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ კოოპერატივ «ჯ.-ს» მიერ მიწის გადასახადისა და დღგ-ის გადახდის ანგარიშში. აღნიშნულის გამო კოოპერატივმა «ჯ.-მა» ე. მ.-ს ვერ დაუბრუნა 9920 ლარი.

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხე თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციისთვის 9920 ლარის დაკისრების შესახებ გადახდის ბრძანების გაცემა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა ე. მ.-ის განცხადება და მოვალე თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას მის სასარგებლოდ დაეკისრა 9920 ლარის გადახდა, რაც უნდა ჩარიცხულიყო კოოპერატივ «ჯ.-ს» ანგარიშზე.

თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ თელავის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი (პროტესტი) თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადახდის ბრძანებაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანება იყო არასწორი შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 84-ე მუხლის თანახმად, ე. მ.-ი იყო არასათანადო მოსარჩელე და კოოპერატივ «ჯ.-ს» მიერ ზედმეტად გადახდილ თანხებზე უნდა ედავა თვითონ კოოპერატივ «ჯ.-ს»; გადახდის ბრძანებაში მითითებული ვენახი ე. მ.-ს მიჰყიდა სააღსრულებო ბიურომ და თვითონვე იყო პასუხისმგებელი არასრულად ჩარიცხულ თანხებზე; თანხების გადახდევინება მოხდა თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის შექმნამდე; თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001წ. 18 აპრილის დასკვნის საფუძველზე მოსარჩელეს დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადახდის ბრძანების გაუქმება.

თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ თელავის რაიონულ სასამართლოში წარადგინა მეორე შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001წ. 18 აპრილის დასკვნის საფუძველზე მოსარჩელეს დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხა; სასარჩელო განცხადებაში მოყვანილი თანხები ინკასოთი ჩამოაწერა კოოპერატივ «ჯ.-ს», რადგან მას იმ პერიოდისთვის ნარჩენი ჰქონდა, სულ 87742 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა _ 33029 ლარი და სანქცია _ 54713,83 ლარი; მოსარჩელე ე. მ.-ისგან თანხა არ წამოუღია ბიუჯეტში, არამედ გადაურიცხა კოოპერატივ «ჯ.-ს», რომელსაც უნდა დაებრუნებინა იგი ე. მ.-ისთვის და აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს თანხა უნდა მოეთხოვა კოოპერატივ «ჯ.-სგან» და არა თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციისგან, რომელიც არც ადვოკატის მომსახურების ხარჯების გადახდაზე იყო ვალდებული (გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან) და არ გააჩნდა აღნიშნული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 ივლისის განჩინებით გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადახდის ბრძანება. თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ თელავის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი (პროტესტი) თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადახდის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და დადგინდა დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნის განხილვა საერთო სასარჩელო წესით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ჩაებნენ კოოპერატივი «ჯ.-ი» და კახეთის სააღსრულებო ბიურო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა 9920 ლარის ე. მ.-ის სასარგებლოდ გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ წარმოშობილი დავალიანების გამო, კოოპერატივ «ჯ.-ს» თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თელავის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა 22569 ლარის გადახდა. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე თელავის საგადასახადო ინსპექციამ, როგორც კრედიტორმა, კახეთის სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით 2000წ. 27 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონზე გაყიდა მოვალე კოოპერატივ «ჯ.-ს» კუთვნილი 44 ჰა ვენახი, რომელიც შეიძინა მოსარჩელე ე. მ.-მა და მასში გადაიხადა 13000 ლარი. ვინაიდან კოოპერატივ «ჯ.-ს» გააჩნდა თელავის საგადასახადო ინსპექციის ვალი, მისი კუთვნილი ქონება გაიტანეს აუქციონზე და თელავის საგადასახადო ინსპექციისა და კახეთის სააღსრულებო ბიუროს მითითებით, თანხა ჩაირიცხა კოოპერატივ «ჯ.-ს» ანგარიშზე, საიდანაც აღნიშნული თანხა მიიღო თელავის საგადასახადო ინსპექციამ და 44 ჰა ვენახი კახეთის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით გადაეცა ე. მ.-ს. თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აუქციონის შედეგები, რის გამოც თელავის საგადასახადო ინსპექციის დასკვნების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაბრუნებოდა მის მიერ აუქციონზე გადახდილი თანხა _ 13000 ლარი. მხარეები შეთანხმდნენ თანხის იმავე გზით დაბრუნებაზე, ანუ კოოპერატივ «ჯ.-ს» ანგარიშის გავლით. ვინაიდან კოოპერატივ «ჯ.-ს» თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ გააჩნდა სხვა დავალიანება, აღნიშნულმა ინსპექციამ კოოპერატივ «ჯ.-ს» მიერ ჩარიცხული თანხიდან (13000 ლარი) უკან წაიღო 9920 ლარი და ე. მ.-მა მხოლოდ თანხის ნაწილის მიღება მოასწრო.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ე. მ.-ს დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხა და სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ე. მ.-მა თანხა გადაიხადა ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშზე, ხოლო თელავის საგადასახადო ინსპექციამ აღიარა, რომ თანხა უნდა დაბრუნებოდა ე. მ.-ს, რაზეც შედგა შესაბამისი დასკვნები. კოოპერატივ «ჯ.-ს» ანგარიშის გამოყენებით თანხის დაბრუნება კი ვერ ჩაითვლებოდა თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ მოსარჩელის მიმართ შესაბამისი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან ე. მ.-ის მიმართ ანგარიშვალდებულ მხარეს წარმოადგენდა თელავის საგადასახადო ინსპექცია და არა კოოპერატივი «ჯ.-», რომლის ანგარიშიც ხსენებულმა ინსპექციამ გამოიყენა გადახდის საშუალებად, მით უმეტეს, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციამ ჩარიცხა რა მის მიერვე ვალად აღიარებული თანხა აღნიშნულ ანგარიშზე, რომელზეც იმ დროს არ იყო სხვა თანხა, კოოპერატივ «ჯ.-ს» ვალის ანგარიშში უკანვე დაიბრუნა მისი ნაწილი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად გამოიყენა სკ-ის 187-ე მუხლი და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ კოოპერატივ «ჯ.-ს» დავალიანების დასაფარავად 2000წ. 27 სექტემბერს ჩატარებული აუქციონით მოსარჩელე ე. მ.-მა კოოპერატივ «ჯ.-ს» კუთვნილი 44 ჰა ვენახი შეიძინა 13000 ლარად. თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული აუქციონი და თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა გადახდილი თანხის _ 13000 ლარის დაბრუნება. თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001წ. 18 აპრილის დასკვნის საფუძველზე ე. მ.-ს კოოპერატივ «ჯ.-ს» გავლით დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ კოოპერატივ «ჯ.-ს» საბანკო ანგარიშიდან საინკასო დავალებით თანხის ჩამოჭრა იყო საგადასახადო ინსპექციის ვალდებულება და განხორციელდა საგადასახადო კოდექსის (1997 წ.) 265-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე.

კასატორის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, თელავის საგადასახადო ინსპექციას ე. მ.-ის მიმართ არ გააჩნია რაიმე ვალდებულება და მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს ერთი და იმავე თანხის მეორედ გადახდა.

კასატორმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს მოცემულ საქმეზე დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

კოოპერატივ «ჯ.-ს», წარმოშობილი დავალიანების გამო, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თელავის საგადასახადო ინსპექციის (თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისრა 22569 ლარის გადახდა. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე თელავის საგადასახადო ინსპექციამ, როგორც კრედიტორმა, კახეთის სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით 2000წ. 27 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონზე გაყიდა მოვალე კოოპერატივ «ჯ.-ს» კუთვნილი 44 ჰა ვენახი, რომელიც 13000 ლარად შეიძინა მოსარჩელე ე. მ.-მა. აღნიშნული 44 ჰა ვენახი თელავის რაიონული სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით გადაეცა ე. მ.-ს. თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აუქციონის შედეგები, კერძოდ, 2000წ. 27 სექტემბერს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რის გამოც თელავის საგადასახადო ინსპექციის (თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) დასკვნების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაბრუნებოდა მის მიერ აუქციონზე გადახდილი თანხა _ 13000 ლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხის დაბრუნება მომხდარიყო იმავე გზით, ანუ კოოპერატივ «ჯ.-ს» ანგარიშის გავლით. ვინაიდან კოოპერატივ «ჯ.-ს» თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ გააჩნდა სხვა დავალიანება, აღნიშნულმა ინსპექციამ კოოპერატივ «ჯ.-ს» მიერ ჩარიცხული თანხიდან (13000 ლარი) უკან წაიღო 9920 ლარი და ე. მ.-მა მხოლოდ თანხის ნაწილის მიღება მოასწრო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული საქმის მასალებში წარმოდგენილია კახეთის სააღსრულებო ბიუროს წერილი, რომლის მიხედვითაც, ე. მ.-ის მიერ გადახდილი თანხა შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტის და არა კოოპერატივ «ჯ.-ს» ანგარიშზე. გარდა ამისა, მოცემულ საქმეში არის კოოპერატივ «ჯ.-ს» დირექტორ ლ. ქ.-ის წერილიც, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ე. მ.-მა 13000 ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშებზე და არა კოოპერატივ «ჯ.-ს» ანგარიშზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ კოოპერატივ «ჯ.-ს» ანგარიშის გამოყენებით თანხის დაბრუნება ვერ ჩაითვლება თელავის საგადასახადო ინსპექციის (თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) მიერ მოსარჩელის მიმართ შესაბამისი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან ე. მ.-ის მიმართ ანგარიშვალდებულ მხარეს წარმოადგენს თელავის საგადასახადო ინსპექცია და არა კოოპერატივი «ჯ.-ი», რომლის ანგარიშიც ხსენებულმა ინსპექციამ გამოიყენა გადახდის საშუალებად, მით უმეტეს, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციამ ჩარიცხა რა მის მიერვე ვალად აღიარებული თანხა აღნიშნულ ანგარიშზე, რომელზეც იმ დროს არ იყო სხვა თანხა, კოოპერატივ «ჯ.-ს» ვალის ანგარიშში უკანვე დაიბრუნა მისი ნაწილი.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად გამოიყენა სკ-ის 187-ე მუხლი და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი ე. მ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001წ. 18 აპრილის დასკვნის საფუძველზე ე. მ.-ს კოოპერატივ «ჯ.-ს» გავლით დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხა და შესაბამისად, თელავის საგადასახადო ინსპექციას ე. მ.-ის მიმართ არ გააჩნია რაიმე ვალდებულება და მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს ერთი და იმავე თანხის მეორედ გადახდა. კასატორის აღნიშნული მოსაზრება არ დასტურდება მოცემული საქმის მასალებით.

სკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ე. მ.-ი წარმოადგენს სწორედ კეთილსინდისიერ შემძენს, ვინაიდან, როგორც მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, 2000წ. 27 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონზე კოოპერატივ «ჯ.-ს» კუთვნილი 44 ჰა ვენახი შეიძინა ე. მ.-მა და გადაიხადა 13000 ლარი, აგრეთვე _ სახელმწიფო ბაჟი _ 625 ლარი, ამასთან, ე. მ.-ისთვის არ იყო ცნობილი, რომ მის მიერ შეძენილი ვენახი იყო უფლებრივად დატვირთული და მესამე პირს შეეძლო საკუთარი უფლებების დასაცავად მასზე განეცხადებინა პრეტენზია.

სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის გამო შეწყდა შემდგომში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აუქციონის შედეგები, კერძოდ, 2000წ. 27 სექტემბერს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში თელავის საგადასახადო ინსპექცია (თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) წარმოადგენს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) და ე. მ.-ს, რომელმაც მას შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად თანხა გადასცა (გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში), შეუძლია მოსთხოვოს თელავის საგადასახადო ინსპექციას (თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) აღნიშნული თანხის, კონკრეტულად კი თანხის იმ ნაწილის უკან დაბრუნება, რომელიც მას უნდა მიეღო, მაგრამ არ მიუღია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 408-ე მუხლით ლეგალურადაა რეგლამენტირებული ვალდებული პირის მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2000წ. 27 სექტემბერს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ე. მ.-ს, როგორც კეთილსინდისიერ შემძენს, მიადგა ქონებრივი ზიანი, ხოლო ვალდებული პირი _ თელავის საგადასახადო ინსპექცია (თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) ვალდებულია აანაზღაუროს ე. მ.-ისთვის მიყენებული ზიანი და აღადგინოს პირვანდელი, ანუ ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა ზემოხსენებული აუქციონის ჩატარებამდე და მის საფუძველზე 2000წ. 27 სექტემბრის ხელშეკრულების დადებამდე.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის (თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.