Facebook Twitter

ას-867-1153-08 10 დეკემბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. მ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ჯ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი

2009 წლის 18 მარტს ო. ჯ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თ. მ-შვილისა და მ. ლ-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებს 2006 წლის ზაფხულში სამუშაოდ დაუთმო საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არსებული ოროთახიანი ბინა, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელის ოჯახის ერთ-ერთ წევრს. 2006 წლის აგვისტოში მოპასუხეებთან ერთად წავიდა თურქეთის რესპუბლიკაში საქონლის ჩამოსატანად, რა დროსაც მოპასუხეებს გადასცა 4600 აშშ დოლარი, რომელშიც შედიოდა, როგორც მგზავრობის, ასევე საქონლის შესასყიდი თანხა. მათ გახსნეს ფეხსაცმელების საამქრო, რომელშიც შესული მოგების ნახევარი უნდა მიეცათ მოსარჩელისათვის. მოსარჩელის მითითებით, 2006 წლის დეკემბერში ისევ წავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, რისთვისაც ისესხა 1000 აშშ დოლარი და ძირითადი საქონლის საყიდლად დაიხარჯა 2000 აშშ დოლარი, 1000 აშშ დოლარი დაემატა ფეხსაცმელების საწარმოდან აღებული თანხა. მოპასუხეებმა ფაქტობრივად იმუშავეს 2007 წლის ბოლომდე, ხოლო მოსარჩელეს დაუბრუნეს 2000 აშშ დოლარი, პროცენტის სახით 630 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხა ისესხა სხვადასხვა პიროვნებებისგან და ბოლოს იძულებული გახდა, გამოეტანა სს „საქართველოს სახალხო ბანკიდან“ სესხი 3600 ლარი, რომელიც ამჟამად გადასახდელი აქვს.

მოსარჩელემ მოითხოვა დაეკისროთ მოპასუხეებს – მ. ლ-ძესა და თ. მ-შვილს ძირითადი თანხის 3600 აშშ დოლარის გადახდა, ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის 587 ლარისა და 35 თეთრის გადახდა და ძირითადი ქონების ფასეულობების 2000 ლარის ღირებულების ქონების უკან დაბრუნება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ო. ჯ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ლ-ძეს და თ. მ-შვილს ო. ჯ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ სოლიდარულად 3600 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. მ-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. მ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს მას გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 22 ივნისს. მის შვილს აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა 22 ივნისს, არამედ 23 ივნისს საღამოს 6 საათზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ათვლა უნდა დაეწყო 24 ივნისიდან. გარდა ამისა, მან მოითხოვა ჩაბარების უწყება, მაგარამ სასამართლოში სხვადასხვა მიზეზით დღემდე არ აძლევენ ნახვის საშუალებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ თ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე78-ე მუხლების შესაბამისად.

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების ასლი თ. მ-შვილის შვილს – ს. ლ-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 22 ივნისს. მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 7 ივლისს. განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2009 წლის 6 ივლისს, ე.ი. სააპელაციო საჩივარი შეტანილია 1 დღის დაგვიანებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ მხარე კანონით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას), იგი კარგავს ამ უფლებას, ანუ ეს უფლება ქარწყლდება და გადაწყვეტილება (განჩინება) შედის კანონიერ ძალაში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თ. მ-შვილმა სააპელაციო საჩივრი კანონით დადგენილ ვადაში არ შეიტანა, მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14 - დღიანი ვადის გასვლით, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.