Facebook Twitter

ას-868-1082-08 3 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-ანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-ანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე “მ. გ-ანის” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 5 ივლისს მოსარჩელემ კუთვნილი ავტომანქანა გააჩერა მოპასუხის ავტოსადგომზე. მომდევნო დღეს აღმოჩნდა, რომ მ.კოპალიანის ავტომანქანა მოპარულია, რაზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მოსარჩელემ არაერთხელ უშედეგოდ მიმართა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნულ ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ დასრულებულა. ამასთან, მოსარჩელის ავტომანქანა ავტოსადგომის დარაჯის ჟურნალში არ დარეგისტრირებულა და მ.კოპალიანს არც სადგომის ღირებულება არ გადაუხდია, რის გამოც მოპასუხე თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მ.კოპალიანის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. გ-ანს მის სასარგებლოდ დაეკისრა 15 300 ლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 459 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივლისის განჩინებით მ. გ-ანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 612 ლარის ჩარიცხვის ქვითრის სასამართლოსათვის წარმოდგენა. საფოსტო გზავნილის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი 2008 წლის 10 ივლისს მ. გ-ანს ჩაბარდა, თუმცა მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 59-ე, 63-ე, 374-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. გ-ანმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2008 წლის 21 ივლისამდე. ამავე წლის 19 ივლისს მ. გ-ანმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, თუმცა მისთვის ცნობილი არ იყო, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი სასამართლოში უნდა წარედგინა.

კერძო საჩივარს დაერთო 2008 წლის 19 ივლისს სახელმწიფო ბაჟის _ 612 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მოცემული საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით მ. გ-ანის სააპელაციო საჩივარი ცნობილ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 612 ლარის გადახდის ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ხარვეზის დადგენის თაობაზე სასამართლოს განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2008 წლის 10 ივლისს, თუმცა მ. გ-ანს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემული მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში მ. გ-ანს არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც შემდგომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრება, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში _ 2008 წლის 19 ივლისს სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, თუმცა არ იცოდა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითარი სააპელაციო პალატისათვის უნდა წარედგინა.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის ხარვეზის განსაზღვრის თაობაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილით აპელანტს გარკვევით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის _ 612 ლარის გადახდის ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა, რაც აპელანტს არ განუხორციელებია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მ. გ-ანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს შ. ჩ-უას მიერ 2008 წლის 19 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 612 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-ანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

მ. გ-ანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს შ. ჩ-უას მიერ 2008 წლის 19 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 612 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.