საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-870-1180-07 13 თებერვალი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ქ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ლ-ეE(მოპასუხე)
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
აღწერილობითი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ქ-მ ა. ლ-ის წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს “ე-მა” ის და ა. ლ-ე შეასახლა საერთო საცხოვრებელში. აღნიშნულ საერთო საცხოვრებელში განლაგებულია ქარხნის კუთვნილი ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. იქ ცხოვრების წესები რეგულირდება საწარმოს შინაგანაწესითა და დებულებით. 2004 წელს ა.ლ-ე დაქორწინდა და ამჟამად მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ბინაში. მას თვითნებურად უკავია მოსარჩელის ფართი და ინვენტარი, რის გამოც მოსარჩელეს არა აქვს ბინაში ცხოვრების შესაძლებლობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-მ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის განჩინებით ნ. ქ-ს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
2007 წლის 9 სექტემბერს ნ. ქ-მ სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო მისი სამუშაო ადგილის ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით სს „ე-ის“ ნ.ქ-ის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1359,80 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ნ. ქ-ის შუამდგომლობა ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს და მის წარმომადგენელ ა.ჩ-ს გაეგზავნათ და ა.ჩ-ს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2007 წლის 10 ოქტომბერს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2007 წლის 15 ოქტომბრამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ნ. ქ-მ კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მიუთითა, რომ მას ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა არა 2007 წლის 10 ოქტომბერს, როგორც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, არამედ 2007 წლის 25 ოქტომბერს. მან კი 2007 წლის 29 ოქტომბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და არ დაურღვევია სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისთვის მიცემული ვადა. აქედან გამომდინარე, ნ. ქ-მ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის განჩინებით ნ. ქ-ს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ნ. ქ-ის შუამდგომლობა ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს და მის წარმომადგენელ ა.ჩ-ს გაეგზავნათ და ა.ჩ-ს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2007 წლის 10 ოქტომბერს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2007 წლის 15 ოქტომბრამდე.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, რომ მას 10 ოქტომბერს არ ჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მის წარმომადგენელ ა. ჩ-ს აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 10 ოქტომბერს (ს.ფ.80).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით Dდადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ნ. ქ-ის არ წარმოუდგენია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ნიშნავს, რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა კანონის ნორმების დაცვით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.