¹ას-871-1157-09 9 ნოემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ა. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ გ. დ. და ე. ჭ-შვილები, გ. ნ-ძე, ზ. გ-ძე, მ. ყ-შვილი, ე. ნ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 4 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ა. ა-ძემ.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2008 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება და მოსარჩელეების: მ. ჭ-შვილის უფლებამონაცვლე გ. დ. და ე. ჭ-შვილების, გ. ნ-ძის, ზ. გ-ძის, მ. ყ-შვილის და ე. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სს “ტრესტი ქუთმშენს” დაევალა აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დღის წესრიგით: “სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ა-ძის სამეთვალყურეო საბჭოს შეამადგენლობაში დატოვების მიზანშეწონილობის მიზნით.” აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად. საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე: სს “ტრესტი ქუთმშენის” აქციონერთა კრების 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოება გაიყო ორ ნაწილად, რომელთაგან ერთს ეწოდა სს “ტრესტი ქუთმშენი”, ხოლო მეორეს _ “ქუთმშენი - 2004”. სს “ტრესტი ქუთმშენი” დარეგისტრირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2005 წლის 22 ივნისს. შესაბამისი ცვლილება შევიდა როგორც საწესდებო კაპიტალში, ასევე აქციონერთა სიაში. განმცხადებლის განმარტებით, სს “ტრესტი ქუთმშენის” გაყოფამდე შპს “კომპანია ცენტრთან” დადებული იყო ¹208 ხელშეკრულება, რომლითაც ხორციელდებოდა აქციათა რეესტრის წარმოება. აღნიშნული ორგანიზაცია შეისყიდა შპს “საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელმა რეგისტრატორმა”, რომელსაც ეცნობა ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, თუმცა კვლავ განაგრძობდა “ტრესტი ქუთმშენის” აქციათა რეესტრიდან ამონაწერების გაცემას. განმცხადებელი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე ¹208 ხელშეკრულება 2003 წლის 16 სექტემბრიდან გაუქმებულად იქნა აღიარებული, რაც ადასტურებს, რომ მ. ჭ-შვილის უფლებამონაცვლე გ. დ. და ე. ჭ-შვილები, გ. ნ-ძე, ზ. გ-ძე, მ. ყ-შვილი და ე. ნ-ძე არ წარმოადგენენ ახლად შექმნილი სს “ტრესტი ქუთმშენის” აქციონერებს (ტ.2, ს.ფ. 2-3).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით სს “ტრესტი ქუთმშენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ა-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მონაწილეობას არ იღებდნენ ერთი და იგივე მხარეები, აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომლითაც სს “ტრესტი ქუთმშენსა” და შპს “კომპანია ცენტრს” შორის 2001 წლის ოქტომბერში დადებული ¹208 ხელშეკრულება აღიარებულ იქნა გაუქმებულად 2003 წლის 16 სექტემბრიდან, ვერ მიენიჭება პრეიუდიციული ძალა და შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ფაქტები მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შემთხვევაშიც ვერ იქნება ახლად აღმოჩენილი გარემოება, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2003 წლის 16 სექტემბრიდან გაუქმებულად იქნა აღიარებული სს “ტრესტი ქუთმშენსა” და შპს “კომპანია ცენტრს” შორის 2001 წლის ¹208 ხელშეკრულება, ხოლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების თაობაზე საქმის არსებითად განხილვისას ა. ა-ძეს არ მიუთითებია (ს.ფ. 40-46).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის მიერ წარდგენილ განცხადებაში ზედმიწევნით, ნათლად და გასაგებად იქნა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები და იურიდიულად ვერ დაასაბუთა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის გამოყენების მიზანშეუწონლობა (ს.ფ. 52, 73-75).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგზე, რომლითაც სს “ტრესტი ქუთმშენსა” და შპს “კომპანია ცენტრს” შორის 2001 წლის ოქტომბერში დადებული ხელშეკრულება აღიარებულ იქნა გაუქმებულად 2003 წლის 16 სექტემბრიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ითვალისწინებს მხარის მიერ მხოლოდ ისეთი გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ შეტყობას, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. კერძო საჩივრის ავტორის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების წარდგენა იმ საქმის განხილვის დროს, რომელზე წარმოების განახლებასაც განმცხადებელი ითხოვს, ვერ იმოქმედებდა მოცემულ შემთხვევაში საქმის შედეგზე, რამდენადაც აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები ვერ იქნებოდა გაზიარებული საამართლოს მიერ როგორც უდავო ფაქტები, სამოქალაქო საპრცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განხილულ საქმეზე მხარეები იყვნენ, ერთი მხრივ, ა. ა-ძე და, მეორე მხრივ, მ. ჭ-შვილის უფლებამონაცვლე გ. დ. და ე. ჭ-შვილები, გ. ნ-ძე, ზ. გ-ძე, მ. ყ-შვილი, ე. ნ-ძე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე მხარეები არიან ა. ა-ძე და შპს “საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”. ამდენად, ამ შემთხვევაში 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული აუცილებელი პირობა _ მხარეთა შემადგენლობის იგივეობა სახეზე არ არის.
გარდა ამისა, სამოქალაქო საპრცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნას დასაშვებად მიიჩნევს, თუკი მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახლად აღმოჩენილ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. თბილისის საქალაქო საამართლოს 2009 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილად ჩაითვალა მოსარჩელე ა. ა-ძის მიერ მითითებული ფაქტები შპს “კომპანია ცენტრის” მიერ სს “ტრესტი ქუთმშენის” აქციათა რეესტრიდან ამონაწერების არასწორად გაცემის შესახებ. აღნიშნულ გარემოებებზე მითითება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე ა. ა-ძეს სავსებით შეეძლო და ნაწილ გარემოებებზე უთითებდა კიდეც. თავის მხრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ა. ა-ძე ვერ ასაბუთებდა საზოგადოების გაყოფის შემდეგ ახალი საზოგადოების აქციონერებად აპელანტების რეგისტრაციას. ამდენად, ამ შემთხვევაში არც 2009 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების ა. ა-ძის მიერ მითითების შესაძლებლობაა სახეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის განხილვისას.
ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.