Facebook Twitter

¹ას871-1181-07 24 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. კ-ა

წარმომადგენელი – ბ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ლ. კ-მ და მოითხოვა არაკეთილსინდისიერი მფლობელის ­_ ტ. ზ-ს მფლობელობიდან მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. კ-ს სარჩელი ტ. და დ. კ-ების უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ... ქ. ¹42-ში მდებარე I კორპ. ¹45 ბინის გამოთხოვისა და მათი გამოსახლების შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ. და დ. კ-ების შეგებებული სარჩელი, ტ. და დ. კ-ები ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ... ქ. ¹42-ის, I კორპუსში, მდებარე ¹4 ბინის 1\2-ის თანამესაკუთრეებად; არ დაკმაყოფილდა ტ. და დ. კ-ების შეგებებული სარჩელი მოსარჩელის საკუთრებაში ქ. თბილისში, ... ქ. ¹29-ში მდებარე უძრავი ქონების შესაბამისი წილის 1\3-ის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით.

2007 წლის 8 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართა ლ. კ-მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ტ. და დ. კ-ებისთვის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, შესაბამისად, მათი უკანონო მფლობელობიდან ლ. კ-ს საკუთრებაში არსებული ბინის გამოთხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით (ს.ფ. 161), სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

2007 წლის 30 ოქტომბერს ლ. კ-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართა (ს.ფ. 166) და 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ლ. კ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელ ბ. გ-ს დაუდგინა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოსადგენად.

2007 წლის 22 ნოემბერს ლ. კ-მ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი შეავსო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ლ. კ-ს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ლ. კ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, ლ. კ-ს სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.

საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლი. კ-ს (ლ. კ-ს დისშვილს) 2007 წლის 24 ივლისს ჩაჰბარდა (ს.ფ.152). შესაბამისად, მას სააპელაციო საჩივარი 14 დღეში ანუ 2007 წლის 8 აგვისტომდე უნდა წარედგინა. საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2007 წლის 6 აგვისტოს ჩაჰბარდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. შესაბამისად, ლ. კ-ს საპროცესო ვადა არ დაურღვევია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 61-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. კ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე ლ. კ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.