Facebook Twitter

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-872-1182-07 14 იანვარი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “მ.-ა” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ “ილ.-ს” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმების, წესდების ახალი რედაქციის, სანოტარო აქტებისა და სასამართლოს დადგენილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

“იქ.-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “მ.-ის”, შპს “ა.-სა” და ნოტარიუს ე.ფ.-ს მიმართ პარტნიორთა კრების ოქმების, შპს “ა.-ს” წესდებაში შეტანილი ცვლილებების, შესაბამისი სანოტარო აქტებისა და სასამართლოს დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ შპს “ა.-ს” წესდებასა და სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა მოხდა მოსარჩელის, როგორც საზოგადოების 85% წილის მქონე პარტნიორის მოწვევისა და მონაწილეობის გარეშე, რითაც მხარეს თავისი კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა მოესპო.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით “იქ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პალატას შუამდგომლობით მიმართა “ილ.-ის” წარმომადგენელმა გ.ყ.-მ და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება შემდეგი საფუძვლებით: შპს “ა.-ს” 2003 წლის 14 თებერვლისა და 26 მარტის პარტნიორთა კრებები, რომლებზეც მოხდა საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა, მოწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული კრებები, ფაქტობრივად, არც ჩატარებულა. მოპასუხემ აპელანტისათვის განკუთვნილი მოსაწვევი განზრახ არასწორ მისამართზე გააგზავნა, რაც “იქ.-=ს” არ ჩაბარდა. მოწინააღმდეგე მხარემ ბოროტად ისარგებლა აღნიშნულით, ხელმეორედ მოწვეულ პარტნიორთა კრებაზე წესდებაში შეიტანა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც საზოგადოების 85% წილის მფლობელს წაერთვა უფლება, 15% წილის მფლობელი პარტნიორის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. მოპასუხეთა მითითებული ქმედება შეიცავს რა დანაშაულის ნიშნებს, 2007 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნტის თანახმად, მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს გამოძიების დასრულებამდე. შუამდგომლობას დაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს გამომძიებელ დ.ბაიაშვილის 2007 წლის 25 სექტემბრის ¹16-03/5/2/ნ-2502 ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ “იქ.-ის” საჩივრის საფუძველზე 2007 წლის 25 სექტემბრიდან მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება შპს “მ.-სა” და შპს “ა.-ს” წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელობის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით “ილ.-ს” წარმომადგენელ გ.ყ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება “ილ.-ს” საჩივრის საფუძველზე შპს “მ.-სა” და შპს “ა.-ს” წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის დამთავრებამდე შეჩერდა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოდან წარმოდგენილი 2007 წლის 25 სექტემბრის ინფორმაციის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს “მ.-სა” და შპს “ა.-ს” ხელმძღვანელობის მიმართ დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნიშნების მიხედვით. პალატის მოსაზრებით, მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე, ვინაიდან იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რომლებსაც ეფუძნება განსახილველი სამოქალაქო დავა მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოების წესით, ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს მ.-მ” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინებით არ ირკვევა, თუ რა კავშირშია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული მითვისებისა და გაფლანგვის საქმის გამოძიებისას დასადგენი ფაქტები პარტნიორთა კრების მოწვევის კანონიერების საკითხზე მიმდინარე დავის დროს დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოდან წარმოდგენილი 2007 წლის 25 სექტემბრის ინფორმაციით საერთოდ არ ირკვევა, თუ რა უნდა გამოიკვლიოს გამოძიებამ, ამდენად, დაუსაბუთებელია სასამართლოს დაკვნა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც მოცემული სამოქალაქო დავა ეფუძნება. სასამართლომ განჩინების გამოტანით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე და 376-ე მუხლები, ვინაიდან სადავო შუამდგომლობა უნდა შეეფასებინა, როგორც საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა. ფაქტობრივად, აპელანტი არ იყო დაინტერესებული საქმის განხილვით, რადგან მიზნად ისახავს, აიძულოს პარტნიორები, გაასხვისონ კუთვნილი 15%-იანი წილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ შპს “მ.-ის” კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ “ილ.-სს” შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, გადაწყვეტილებისა თუ განჩინების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელოს საქმისათვის მნიშვნელოვან სადავო საკითხებზე და აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი დასკვნები იურიდიულად დაასაბუთოს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილა “ილ.-ს” შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, რომ მხარის მოთხოვნის საფუძვლები სათანადოდ არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია, კერძოდ:

გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაედო “ილ.-ს” მიერ წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს გამომძიებელ დ.ბაიაშვილის 2007 წლის 25 სექტემბრის ¹16-03/5/2/ნ-2502 ცნობა, რომლის თანახმად “იქ.-ის” საჩივრის საფუძველზე 2007 წლის 25 სექტემბრიდან მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება შპს “მ.-ისა” და შპს “ა.-ს” წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელობის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას, თუ გამოარკვევს, რომ მისი განხილვა სხვა საქმის წარმოების დასრულებამდე ობიექტურად შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა დასახელებული ნორმითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს გამომძიებელ დ.ბაიაშვილის 2007 წლის 25 სექტემბრის 16-03/5/2/ნ-2502 ცნობით, არ დაასაბუთა, თუ რაში მდგომარეობს ცნობაში დასახელებული სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვის შეუძლებლობა, რა კავშირშია სამოქალაქო წესით განხილული საქმე სისხლის სამართლის საქმესთან, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.

ამდენად, შუამდგომლობის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სადავო საკითხის დამადასტურებელ მტკიცებულებათა საფუძველზე უნდა იმსჯელოს წარმოდგენილი საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობაზე და თავისი დასკვნები დაასაბუთოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით.

ამასთან, შპს “მ.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს, ხოლო მხარემ კერძო საჩივარს დაურთო 100 ლარის გადახდის ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “მ.-ის” კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ “ილ.-ს” შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად.

შპს “მ.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.