Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-874-1184-07 14 მარტი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ბ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ბ. ბ-შვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ იგი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან უწყვეტად ფლობს ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹77 და ¹77 კორპუსებს შორის მდებარე მიწის ნაკვეთს, აღნიშნული მიწა შეცვალა თვისობრივად და აქვს საკუთრების უფლება ამ მიწის ნაკვეთზე.

განმცხადებლის მითითებით, ზემოაღნიშნული ფაქტის დადგენის შემთხვევაში, იგი შეძლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის ¹156 და თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 25 სექტემბრის ¹19.18.1130 დადგენილების საფუძველზე, საჯარო რეესტრში ამ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. იგი მიწის ნაკვეთს ფლობს 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რითაც, “საკუთრების უფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 167-ე და 1507-ე მუხლების თანახმად, მასზე შეძენილი აქვს საკუთრების უფლება.

განმცხადებლის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ფაქტის დადგენა შეიძლებოდა მხოლოდ სასამართლო წესით, რამდენადაც ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის პასუხიდან ირკვეოდა, რომ საკითხის გადაწყვეტა გამგეობის კომპეტენციას არ წარმოადგენდა. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის პასუხით კი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო (ს.ფ. 1-4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის განჩინებით ბ. ბ-შვილის უარი ეთქვა განცხადების მიღებაზე (ს.ფ. 18).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ს.ფ. 21-29).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 თებერვლის განჩინებით ბ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის განჩინება განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ბ. ბ-შვილის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში (ს.ფ. 33-34).

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ბ. ბ-შვილმა მოთხოვნა დააზუსტა და ითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა მხოლოდ იმის შესახებ, რომ იგი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან უწყვეტად ფლობს ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹77 და ¹77 კორპუსებს შორის მდებარე მიწის ნაკვეთს და აღნიშნული მიწა შეცვალა თვისობრივად (ს.ფ. 36).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის განჩინებით ბ. ბ-შვილის განცხადება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹77 და ¹77 კორპუსებს შორის მდებარე მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული, განმცხადებელს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა აღეძრა სარჩელი საერთო საფუძველზე, იქვე მიეთითა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ შეიძლებოდა (ს.ფ. 46-47).

მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ს.ფ. 49-51).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ბ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილი კერძო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებდა (ს.ფ. 59-61).

2006 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ბ. ბ-შვილმა. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის პასუხი განმცხადებლის შეკითხვაზე, კერძოდ, მასში აღნიშნული იყო, რომ ბ. ბ-შვილის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის საკითხის გადაწყვეტა ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა.

ბ. ბ-შვილი მიიჩნევდა, რომ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის პასუხი წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც ცნობილი რომ ყოფილიყო სასამართლოსათვის, იგი არ მიიღებდა განჩინებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და მის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქმეზე წარმოების განახლებას (ს.ფ. 69-70).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ბ. ბ-შვილს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 85-88).

2007 წლის 5 იანვარს ბ. ბ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადება წარადგინა იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ განიხილა და არ ასახა განჩინების სამოტივაციო ნაწილში მის მიერ ნივთის ხანდაზმულობისა და თვისობრივად შეცვლის ფაქტის დადგენის მოთხოვნა. ამასთან, სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანისას გათვალისწინებული არ იქნა მისი წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტებები, რომლებიც ეხებოდა დავის საგანსა და სადავო საკითხის გადაჭრის წესს (ს.ფ. 91-93).

გარდა აღნიშნულისა, 2007 წლის 8 იანვარს ბ. ბ-შვილმა იმავე სასამართლოში განცხადება წარადგინა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებაში შესწორებების შეტანა და განმარტება მოითხოვა (ს.ფ. 94-96).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 იანვრის განჩინებით ბ. ბ-შვილს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ სრული მოცულობით იმსჯელა ბ. ბ-შვილის მიერ განცხადებაში მითითებულ მოთხოვნაზე. შესაბამისად, არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები (ს.ფ. 97-98).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 იანვრის განჩინებით ბ. ბ-შვილის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინების განმარტებისა და მასში შესწორების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 99-101).

საქალაქო სასამართლოს განჩინებებზე, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნები დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის, ასევე განჩინებაში შესწორების შეტანისა და განმარტების თაობაზე, კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ბ-შვილმა და ითხოვა მათი გაუქმება (ს.ფ. 110-114).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებებით ბ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 იანვრის განჩინებები (ს.ფ. 118-119; 120-121).

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილებისა და მისი თავდაპირველი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ს.ფ. 103-105).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით ბ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოება გასაჩივრებული განჩინების გამოტანის დროსაც რომ ყოფილიყო მითითებული, სასამართლო ვერ მიიღებდა მხარისთვის სასურველ გადაწყვეტილებას. სასამართლო უდავო წარმოების წესით ადგენს არა უძრავი ნივთის ფაქტობრივი ფლობის ფაქტს, არამედ იმ გარემოებას, რომ პირს ამ ნივთზე ჰქონდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც დაიკარგა, ხოლო ჩანაწერები მარეგისტრირებელ ორგანოში არ ინახება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში ასახულია სამართლებრივი საფუძვლები, რომლის არსებობის შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, შეიძლება განახლდეს საქმის წარმოება. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მტკიცებულება, რომელზედაც მიუთითებდა განმცხადებელი, არსებობდა გასაჩივრებული განჩინების გამოტანამდე და მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა იგი სასამართლოში საქმის განხილვის დროს.

მხარის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული მტკიცებულება მოპოვებული იქნა 2006 წლის 10 ნოემბერს, გასაჩივრებული განჩინების გამოტანის შემდეგ და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლებოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებად (ს.ფ. 139-141).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.12.06წ. და ამავე სასამართლოს 31.07.06წ. განჩინებების გაუქმება (ს.ფ. 146-147).

2007 წლის 3 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ბ. ბ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

განმცხადებლის მითითებით, ზემოაღნიშნული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია მისი სააპელაციო საჩივრის მეორე მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის განჩინების გაუქმების, საქმეზე წარმოების განახლებისა და განმცხადებლის დაზუსტებულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ. მითითებულ საკითხებზე მსჯელობა სააპელაციო სასამართლოს ევალებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან და მისი სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე, რაც არ განუხორციელებია (ს.ფ. 143).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ბ. ბ-შვილის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის განჩინებით ბ. ბ-შვილის განცხადება მიწის ნაკვეთის ხანდაზმულობით ფლობისა და მისი თვისობრივად შეცვლის ფაქტის დადგენის შესახებ დარჩა განუხილველი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ბ. ბ-შვილის მიერ წარდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მას უარი უთხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადების უსაფუძვლობის გამო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება საჩივრდება ზემდგომ სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ მითითებული ნორმის შესაბამისად განიხილა ბ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იყო სამოქალაქო საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება გამოტანილი იყო სამოქალაქო საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლო იმსჯელებდა მხოლოდ გასაჩივრებულ განჩინებაზე, გააუქმებდა მას და განცხადებას მისი საფუძვლიანობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნებდა იმავე სასამართლოს, რადგან საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ზემდგომ სასამართლოში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინებასთან ერთად თვით ახლად აღმოჩენილი გარემოებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა ბ. ბ-შვილის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის განჩინების სისწორეზე, რომლის გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნითაც იქნა შეტანილი მხარის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა ემსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის განჩინებაზე ბ. ბ-შვილის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რამდენადაც კანონის აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია ისეთი განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებენ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ მის ფაქტობრივ თუ იურიდიულ დასაბუთებაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინება წარმოადგენს მისი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ საბოლოო განჩინებას, რომლის გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებასაც იგი ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ მიეკუთვნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ განჩინებათა კატეგორიას და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მასზე არ უნდა ემსჯელა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებულ განჩინებასთან ერთად (ს.ფ. 157-159).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ბ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს კანონზე, რომლის შესაბამისადაც მიიჩნია, რომ მისი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება არ განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებათა კატეგორიას (ს.ფ. 162).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პირობებს, კერძოდ, დამატებითი გადაწყვეტილება გამოიტანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეზე გამოტანილი ძირითადი გადაწყვეტილება არ შეიცავს პასუხს მხარის ისეთი მოთხოვნის მიმართ, რომელიც, მართალია, იყო განხილვის საგანი, მაგრამ გადაწყვეტილება არ გამოტანილა. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი გადაწყვეტილებით არ განხილულა ყველა ის მოთხოვნა, რაც ამ გადაწყვეტილებით განსახილველი დავის საგანს შეადგენდა.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის მეორე მოთხოვნაზე, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის განჩინების გაუქმების, საქმეზე წარმოების განახლებისა და მის დაზუსტებულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესოსამართლებრივი საფუძვლის არსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ივლისის განჩინებით ბ. ბ-შვილის განცხადება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹77 და ¹77 კორპუსებს შორის მდებარე მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენის თაობაზე დარჩა განუხილველი, რის შემდეგაც ბ. ბ-შვილმა იმავე სასამართლოში აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადება წარადგინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ბ. ბ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დასახელებულ განჩინებაზე ბ. ბ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განჩინების მსჯელობის საგანს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინების მართლზომიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განცხადება საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინება ვერ იქნებოდა 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის საგანი ვერც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინმსწრები, შუალედური განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობას. მითითებული 2006 წლის 31 ივლისის განჩინება კი წარმოადგენს არა შუალედურ განჩინებას, არამედ უდავო წარმოების წესით აღძრულ საქმეზე მიღებულ საბოლოო განჩინებას. აღნიშნული განჩინება ბ. ბ-შვილმა გაასაჩივრა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რაზეც იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების საგანს კი წარმოადგენდა სწორედ აღნიშნული 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება, ხოლო 2006 წლის 31 ივლისის განჩინება, რომელიც არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების აღძვრის შემდეგ გამოტანილ შუალედურ განჩინებას, ვერ იქნებოდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.