ას-87-432-07 23 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალ.ნი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..” (მოპასუხე)
დავის საგანი – მარჩენალის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. გ-მ 2005 წლის 17 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “ .. ..” მიმართ და მოითხოვა მარჩენალის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. სარჩელში მიუთითა, რომ მისი მეუღლე - დ. ნ-ი მუშაობდა შპს “ .. ..” ... თანამდებობაზე და 2002 წლის 25 აგვისტოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მ. გ-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბერს აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ .. ..” წარმომადგენელი ზ. ტ-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. გ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინებით მ. გ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ მ. გ-მ დაარღვია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა აპელანტის ოჯახის სრულწლოვან წევრს 2006 წლის 16 ნოემბერს, მან კი საჩივარი შეიტანა 2006 წლის 6 დეკემბერს, ე.ი. გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-15 დღეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. გ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საპროცესო ვადის აღდგენა და საქმის არსებითად განხილვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ 2006 წლის 16 ნოემბერს იგი არ იმყოფებოდა ქ.ფოთში და ამიტომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მას არ ჩაბარებია; მან საპატიო მიზეზით 4-5 დღით დაარღვია საჩივრის შეტანის ვადა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უკანონოდ იქნა მის საწინააღმდეგოდ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან სხდომის დღის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. გ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “ .. ..” წარმომადგენელი ზ. ტ-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 85-88).
ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. გ-მ (ს.ფ. 93-100).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინებით მ. გ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო (ს.ფ. 109-113).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლი, რომლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არის 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. გ-ს სააპელაციო პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა (ს.ფ. 90). სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა აპელანტის ოჯახის სრულწლოვან წევრს 2006 წლის 16 ნოემბერს. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან მ. გ-ის ოჯახის წევრს სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2006 წლის 16 ნოემბერს და აპელანტმა იგი გაასაჩივრა 2006 წლის 6 დეკემბერს, შესაბამისად მან გაუშვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ათ დღიანი ვადა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არ გაარკვია ადრესატის არყოფნის შემთხვევაში შეტყობინების ჩაბარებისას დაცული იყო თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყონებლივ ჩააბაროს დრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსის ცნობება. მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას. ს.ფ. 92-ზე წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის შეტყობინების საფოსტო გზავნილების ჩაბარებაზე კი მოცემულ. მხოლოდ ხელმოწერა “გ-” და ჩაბარების თარიღი მითითებულ. 2006 წლის 16 ნოემბერი; ამდენად, აღნიშნული დოკუმენტი არ არის შედგენილი ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინება და საქმე მ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.