Facebook Twitter

ას- 875 1185-07 26 დეკემებრი, 2007წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 27 მარტს კ. ძ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხის, ქ. გ-ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ქ. გ-ი 2002 წელს უკანონოდ შეიჭრა ძ-ს კუთვნილ ... ქუჩის (ყოფილი ...) ¹30-ში მდებარე ფართში და მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, არ ცლის მას. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული ფართიდან გამოსახლებული იქნას ქ. გ-ი თანმხლებ პირებთან ერთად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა კ. ძ-ს სარჩელი, ვინაიდან სასამართლომ მოპასუხე ქ. გ-ი მიიჩნია არასათანადო მოპასუხედ, კ. ძ-მა კი უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის შეცვლაზე.

კ. ძ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით 2007 წლის 19 ივლისს.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით კ. ძ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაზე კ. ძ-მა 2007 წლის 9 ოქტომბერს შეიტანა კერძო საჩივარი. მან მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში, მაგრამ თბილისის საქალაქო კოლეგიამ დროულად არ გადააგზავნა საქმის მასალები სააპელაციო სასამართლოში, რაც საფუძველი გახდა მისი საჩივრის დაუშვებლობისა. კ. ძ-მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ კ. ძ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების ასლი კ. ძ-ს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 21 ივნისს (ს.ფ.57). მის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2007 წლის 19 ივლისს. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა კი ამოიწურა 2007 წლის 4 ივლისს, ე.ი. სააპელაციო საჩივარი შეტანილია 15 დღის დაგვიანებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14 - დღიანი ვადის გასვლით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. ძ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.