Facebook Twitter

¹ას-879-1165-09 30 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ს-ავა

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. და ე. გ-იები, ქ. გ-ია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის, მ. ს-ავას, ე. გ-იასა და ქ. გაბელიას მიმართ ყადაღით დატვირთული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და აღსრულების შეჩერების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით გ. გ-იას შვილს _ ე. გ-იასა და მის მეუღლეს _ ქ. გ-იას დაეკისრათ მ. ს-ავას სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ყადაღაAდაედო მოსარჩელის კუთვნილ, მარტვილის რაიონის სოფელ დიდ ჭყონში მეორე ნამიკოლაოში მდებარე უძრავ-მოძრავ ქონებას _ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ შენობას, დამხმარე სათავსებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. ე. გ-ია წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 1987 წლიდან მას დედის სახლში არ უცხოვრია. შესაბამისად, აღმასრულებელმა არასწორად დააყადაღა მოსარჩელის კუთვნილი ნივთები, რისი უფლებაც არ გააჩნდა.

მოპასუხე სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, მის მიმართ იძულებითი აღსრულება ვერ განხორციელდება. ამდენად, გ.გ-იას საკუთრების უფლება არ იზღუდება. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, იგი სავსებით სწორად იქნა დაყადაღებული.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით გ. გ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სასამართლო აღმასრულებლის _ ვლადიმერ ესიავას მიერ 2007 წლის 11 ივლისის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების ¹003363 აქტი მარტვილის რაიონის სოფელ დიდ ჭყონში, მეორე ნამიკოლაოში მდებარე გ. გ-იას სახლში არსებული მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, ასევე აღნიშნულ მოძრავ ქონებაზე შეჩერდა აღსრულება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ს-ავამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით მ.ს-ავას სააპელაციო საჩივარი ცნობილ იქნა ხარვეზიანად და მხარეს განესაზღვრა 7-დღიანი ვადა მის გამოსასწორებლად _ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე, 368-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარსადგენად. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით გაეგზავნა და 2009 წლის 17 ივნისს ჩაბარდა, რაც დასტურდება საქმეში არსებული ჩაბარების ბარათით. მიუხედავად ამისა, აპელანტს ხარვეზი მითითებულ ვადაში არ შეუვსია. სასამართლომ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 374-ე მუხლით და ჩათვალა, რომ მ.ს-ავას სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ს-ავამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მ.ს-ავამ ვერ გამოასწორა, ვინაიდან არის მარტოხელა, მეუღლე და ერთადერთი შვილი ტრაგიკულად გარდაეცვალა, მიეკუთვნება სოციალურად დაცველ ფენას, რის შესახებ გააჩნია სათანადო ცნობა. ამასთან, იგი ცხოვრობს რა ქ.თბილისში, საქმე განხილულ უნდა იქნეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა, რომ 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით მ. ს-ავას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე-368-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ მითითებული ხარვეზის დროულად გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინება აპელანტს კანონის მოთხოვნათა დაცვით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2009 წლის 17 ივნისს პირადად ჩაბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მ. ს-ავას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და თვლის, რომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს ხარვეზიანად ცნობს, თავისი განჩინებით იგი დეტალურად განუსაზღვრავს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებებს, რაც მან ხარვეზის აღმოსაფხვრელად უნდა განახორციელოს და დაუდგენს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

ამასთან, აპელანტს, კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით, პატივსადები მიზეზის არსებობისას, უფლება აქვს, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების ან იმ საპროცესო მოქმედებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ, რაც ხარვეზის გამოსასწორებლადაა საჭირო, კერძოდ, მოითხოვოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი გადავადება, თუმცა არსებობს საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით სავალდებულოა და აღნიშნულის გარეშე სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი (მაგალითად, სააპელაციო საჩივრის ფორმის, მისი საფუძვლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სხვა დანაწესების შეუსრულებლობა).

მოცემულ შემთხვევაში მ. ს-ავას სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისა დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. აპელანტს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან _ 2009 წლის 17 ივნისიდან 7 დღეში, 24 ივნისის ჩათვლით. მართალია, 2009 წლის 23 ივნისს მ.ს-ავამ ე.წ. “საჩივრით” მიმართა სასამართლოს, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ფორმასა და შინაარსს არ შეესაბამება. ამასთან, მხარეს არ წარუდგენია რაიმე სახის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე და აღნიშნულის კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე არ მიუთითებია.

ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ მ.ს-ავამ ხარვეზი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო არ გამოასწორა, ვინაიდან მას სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სხვა შეღავათების მოთხოვნით არ მიუმართავს, ხოლო რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენის აუცილებლობას, კანონმდებელი ამ კუთხით რაიმე სახის გამონაკლისს არ ითვალისწინებს.

დაუსაბუთებელია მ.ს-ავას მითითება, რომ იგი ცხოვრობს ქ.თბილისში, შესაბამისად, მოცემული საქმე განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაეცეს, ვინაიდან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ერთი სააპელაციო სასამართლოს განსჯადი საქმის სხვა სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ სააპელაციო პალატის მთელი შემადგენლობის აცილების დროს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლი). ასეთი გარემოების არსებობა მხარეს განსახილველ შემთხვევაში არ დაუსაბუთებია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საფუძვლით საქმის სხვა სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემის სამართლებრივ მექანიზმს კანონი არ იცნობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: B

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ს-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.