Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-880-1188-07 19 მარტი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლალი ლაზარაშვილი, ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 23 იანვარს ს. და ზ. ც-აძეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ. ც-აძის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართეს. მოსარჩელეთა განმარტებით, 2006 წლის 3 ივლისის განაჩენით მირიან ცხვარაძეს გადასახადებისაგან თავის არიდებით გამოწვეული ზარალის, 1 400 136 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 6 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა აღწერა და დააყადა არა მირიან ცხვარაძის, არამედ მათი კუთვნილი ნივთები, რომლებიც სრულიად სხვა მისამართზე მდებარე და ამჟამად ბანკი “ქ-ს” საკუთრებაში არსებულ ბინებში იყო განთავსებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა დაყადაღებული ქონების აღწერის სიიდან მათი კუთვნილი მოძრავი ნივთების ამორიცხვა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ს. და ზ. ც-აძეების სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა გ. გ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჩივარი გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იყო შეტანილი.

2007 წლის 2 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა პ. პ-შვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი შპს “ .. ..” 2007 წლის 3 აგვისტოს, 14 დღიანი ვადის ბოლო დღეს ჩაბარდა, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა გაშვებული არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პ. პ-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პ. პ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 20 ივლისს ჩაბარდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის ათვლა 2007 წლის 21 ივლისიდან დაიწყო და 3 აგვისტოს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიაში 2007 წლის 6 აგვისტოს გატარდა. საქმეში არსებული კონვერტით (ს.ფ. 80) დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2007 წლის 3 აგვისტოს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2007 წლის 3 აგვისტოს, 14 დღიანი ვადის ბოლო დღეს ჩაბარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა გასულად ვერ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 61-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პ. პ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.