საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №646აპ-17 ქ. თბილისი
წ-ი გ., 646აპ-17 27 აპრილი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯემალ ნათელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. წ-ს ბრალი დაედო საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველზე ნადირობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 12 ნოემბერს გ. წ-ი იმყოფებოდა…..რაიონში, ე.წ. ,,…..’’ მთის მიმდებარედ არსებულ ტყეში, სადაც მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი ….. (კარაბინი) იარაღიდან გასროლით მოკლა საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი დათვი, რითაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 50000 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით გ.წ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გაუქმდა გ. წ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, აგრეთვე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით გირაოს - 5000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით ლ. წ-ს (პირადი ნომერი …..) კუთვნილ უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ….. გირაოს თანხის ეკვივალენტურ ნაწილზე დადებული ყადაღა.
გ. წ-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გ. წ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პროკურორის არგუმენტაცია, რომ თითქოს ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. წ-ს მიერ ე.წ. ,,....“ მთის მიმდებარედ არსებულ ტყეში საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი დათვის მოკვლის ფაქტს.
მოცემულ შემთხვევაში გ. წ-მ უარყო დათვის მოკვლის ფაქტი და განმარტა, რომ იგი მკვდარი იპოვა ტყეში და ვინაიდან არ იყო გაფუჭებული, გადაწყვიტა, რომ გაეტყავებინა. მეგობრებს კი მოატყუა, რომ დათვი თავად მოკლა. ბრალდების მხარე პრეტენზიას გამოთქვამს, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ გ. წ-ს ასეთი ჩვენება და ცნო იგი უდანაშაულოდ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბრალდებულის განმარტების საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა იძლეოდეს ბრალდებულის ჩვენების არგაზიარებისა და მისი დამნაშავედ ცნობის მყარ საფუძველს. ასეთი მტკიცებულებები უნდა შეიკრიბოს სრულყოფილი, ეფექტური და ქმედითი გამოძიების საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში აშკარად არ ყოფილა შესრულებული, კერძოდ:
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დათვი მოკლა გ. წ-მ კუთვნილი ….. ,,კარაბინის“ იარაღიდან გასროლით, თუმცა სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ დათვი იყო მოკლული და არა ბუნებრივი სიკვდილით მკვდარი. აღნიშნულის თაობაზე მითითება არ არის არც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის - თ. ზ-ს მიერ შედგენილ აქტში, სადაც საუბარია დათვის ტყავისა და ხორცის ამოღებაზე, თუმცა არ არის მითითებული, რომ რომელიმე მათგანს აღენიშნება ცეცხლნასროლი დაზიანების კვალი. გარდა ამისა, ამ მიმართულებით გამოძიებას არ ჩაუტარებია არანაირი სახის კვლევა, მათ შორის არ დანიშნულა ბალისტიკური ექსპერტიზა.
1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს 2015 წლის 29 დეკემბრით შედგენილი დათვის ტყავის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც, ლუქის გახსნის შემდეგ პარკში აღმოჩნდა მოყავისფრობეწვიანი ტყავი, რომელსაც აქვს იშვიათი ღია მოთეთრო ფერის ლაქები, ტყავს არ აღმოაჩნდა თავი, მას აქვს ფეხები. ტყავი მიეკუთვნება დათვს, რომელიც არის დაახლოებით წლინახევრის და არ არის ზრდასრული. დათვალიერების დროს …..სახელობის უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიან ცხოველთა ლაბორატორიის ….. ა. ბ-მ დააფიქსირა, რომ აღნიშნული ტყავი მიეკუთვნება კავკასიაში გავრცელებულ მურა დათვს. ტყავს სხვა რაიმე დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამდენად, არც აღნიშნულ ოქმში არ ყოფილა ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ტყავზე აღინიშნებოდა რაიმე სახის დაზიანება, მათ შორის - ნატყვიარის სახით. დათვის ტყავი, ნივთმტკიცების სახით დათვალიერდა 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზეც, თუმცა მხარეებს მასზე არსებული რაიმე სახის ცეცხლნასროლი დაზიანების თაობაზე არ მიუთითებიათ.
რაც შეეხება დათვის ხორცს, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენის შემდეგ დაცვის მხარეს გაუჩნდა გონივრული ვარაუდი მისი შესაძლო გამოცვლის შესახებ და მოითხოვა მისი იურიდიული ძალის არმქონედ ცნობა, რაც სასამართლომ სრულიად საფუძვლიანად გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნული ნივთმტკიცებულება სასამართლოში წარადგინეს აშკარად დაზიანებული შეფუთვით, 54 სმ-ზე გახეული პარკით. ვინაიდან ვერ უარყვეს ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის თაობაზე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მტკიცებულება მიიჩნია იურიდიული ძალის არმქონედ.
საქმეზე ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლის №….. დასკვნით დასტურდება, რომ გ. წ-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი ,,…..“, კარაბინის მოდელი ,,…..“,კალიბრი 7,62 მმ, დამზადებულია ქარხნული წესით და ვარგისია სროლისათვის. ამასთან, ქიმიური ექსპერტიზის №….. დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი კარაბინიდან, რომელზეც იკითხება ,,…..“, ბოლო გაწმენდის შემდეგ შესრულებულია გასროლა (გასროლები). 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ. ფ-ი, რომელმაც დაადასტურა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, ამასთან, განმარტა, რომ ექსპერტიზა მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს სროლის ხანდაზმულობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დადგინდა, საერთოდ მოხდა თუ არა შემთხვევის დღეს გ. წ-ს იარაღიდან გასროლა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია საგამოძიებო მოქმედება - შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რაც იქნებოდა დამატებითი შესაძლებლობა, მოპოვებულიყო საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გამყარებულიყო გამოძიების ვერსია - საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი დათვის გ. წ-ს ხელთ არსებული იარაღიდან გასროლით მოკვლის თაობაზე.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ვერ დადგინდა დათვის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლის ფაქტი. შესაბამისად, გამოკვეთილი არ არის მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი ობიექტური მხარის ნიშანი. გარდა ამისა, ვერ დადასტურდა გამოძიების ვერსია, რომ დათვი კუთვნილი იარაღიდან გასროლით მოკლა გ. წ-მ, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ამ ფაქტის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ: მოკვლის ფაქტს არ შესწრებია სხვა თვითმხილველი პირი, ხოლო მონადირეებმა - გ. ვ-მ, რ. გ-მ, მ. წ-მ, ზ. წ-მ, ნ. წ-მ და მ. წ-მ გადმოსცეს არა უშუალოდ ნანახი, არამედ - გ. წ-ს მონაყოლი, რომ დათვი მოკლა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით (რაც შემდეგში უარყო). სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ ზემოჩამოთვლილ პირთა ჩვენებები დათვის მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ვინაიდან ისინი ეფუძნება სხვა პირის მონაყოლს. მათ ჩვენებებში გადმოცემული ფაქტი გ. წ-ს მიერ დათვის მოკვლასთან დაკავშირებით ვერ დადასტურდა სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჯემალ ნათელაშვილმა. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გ. წ-ი უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პროკურორს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოტივებზე (ანალოგიური მოტივებია მითითებული საკასაციო საჩივარშიც) ამომწურავი პასუხი გაეცა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯემალ ნათელაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი