Facebook Twitter

¹ას-882-1168-09 29 ნოემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. დ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ჭიათურმანგანუმი” (მოპასუხე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

ვ. დ-ძემ განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განჩინებით ვ. დ-ძეს მიეცა 7 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის განჩინებით ვ. დ-ძეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის განჩინებით ვ. დ-ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის განჩინება ვ. დ-ძის შვილს – ვ. დ-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 2 ივლისს, მიუხედავად ამისა, მან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. დ-ძემ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად, კერძოდ, სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა ვადა ხარვეზის შესავსებად, ვინაიდან მას განცხადება შეტანილი ჰქონდა და ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ვ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ პასუხობს ამავე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას, ხოლო, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება განცხადება აღარ დაიშვება.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განჩინებით ვ. დ-ძეს მიეცა 7 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის განჩინებით ვ. დ-ძეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას არ ჰქონდა წარმოდგენილი განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა ვ. დ-ძის შვილს - ვ. დ-ძეს 2009 წლის 2 ივლისს (ს.ფ.23). მას ხარვეზი უნდა შეევსო 2009 წლის 7 ივლისის ჩათვლით. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ვ. დ-ძემ ფოსტით გააგზავნა განცხადება 2009 წლის 6 ივლისს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, თუმცა მას ხარვეზი არ შეუვსია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ რამდენჯერმე მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად, ვ. დ-ძემ არ გამოასწორა ხარვეზი. მის მიერ წარმოდგენელი განცხადების შინაარსი არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და არ არსებობს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.