საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-884-1192-07 17 მარტი, 2008წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ხ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ე-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 სექტემბრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ე-შვილმა 2003 წლის 25 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ მ. ხ-შვილის, გ. დ-შვილის, თ. ბ-შვილის, მესამე პირის – ი. ქ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება ქ. გორში, ...ს ქ. ¹34-ში მდებარე ბინიდან და მოსარჩელისათვის ბინის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა (ს.ფ. 1-2).
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით მ. ეშმაკურაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. ხ-შვილს, გ. დ-შვილს და თ. ბ-შვილს აეკრძალათ მ. ე-შვილისათვის უკანონო ხელშეშლა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. გორში, ...ს ქ. ¹34-ში. მ. ხ-შვილი, გ. დ-შვილი და თ. ბ-შვილი გამოსახლდნენ აღნიშნული ბინიდან და ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს (ს.ფ. 170-172).
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნება (ს.ფ. 175-178).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით მ. ხ-შვილს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მასვე განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 181-182).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 სექტემბრის განჩინებით მ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტს ხელზე ჩაბარდა 2007 წლის 17 ივლისს, ხოლო აღნიშნული განჩინების გზავნილი _ 2007 წლის 19 ივლისს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2007 წლის 17 ივლისის ჩაბარებიდან აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა 2007 წლის 27 ივლისს, აპელანტმა კი ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება გორის ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 30 ივლისს _ ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ დარჩება განუხილველი. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 192-194).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივარით გაასაჩივრა მ. ხ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინება ხარვეზის შესახებ აპელანტს ხელზე ჩაბარდა 2007 წლის 19 ივლისს. 2007 წლის 19 ივლისის ჩაბარებიდან აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა 2007 წლის 29 ივლისს. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლზე, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ვინაიდან 2007 წლის 28 ივლისი იყო შაბათი, ხოლო 2007 წლის 29 ივლისი _ კვირა, ე.ი უქმე დღე, მომდევნო სამუშაო დღე იყო 2007 წლის 30 ივლისი. მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი გორის ფოსტას ჩაბარდა 2007 წლის 30 ივლისს. ამდენად, მას არ გაუშვია საპროცესო ვადა (ს.ფ. 198-199).
D ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინება, რომლითაც მ. ხ-შვილს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება დაევალა, აპელანტს პირადად ჩაბარდა 2007 წლის 17 ივლისს (ს.ფ. 184). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2007 წლის 18 ივლისს და დამთავრდა 2007 წლის 27 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია.
საკასაციო სასამართლო მ. ხ-შვილისათვის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარების ვადის ათვლის დასაწყისად ვერ მიიჩნევს 2007 წლის 19 ივლისს, როგორც ამაზე კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს. 2007 წლის 19 ივლისს კერძო საჩივრის ავტორს განმეორებით ჩაბარდა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება და ამ დროისათვის ხარვეზის შევსების ვადის დინება პირველი ჩაბარებიდან _ 2007 წლის 17 ივლისიდან უკვე დაწყებული იყო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან მ. ხ-შვილმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივრის ხარვეზი, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.