ას-885-1171-09 23 სექტემბრი, 2009 წელი
ქ.თბილისი
ფადიმე ფადიმე
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ფ. კ-ძის წარმომადგენლის ა. თ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინებაზე.ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1996 წლის 2 დეკემბერს ქ. ბათუმის მერიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის ¹1 სანოტარო კანტორისა და ლ. ბ-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩათა კვეთაში, ¹10/18-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე სანოტარო მოქმედებათა გაუქმება და აღნიშნული ბინის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული სანოტარო მოქმედებები, მათ შორის 1989 წლის 3 მაისის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც ა. ბ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე თანაბარ წილად მემკვიდრეებად ცნობილი იქნენ მეუღლე ფ. კ-ძე და მათი ქალიშვილი ლ. ბ-შვილი და სადავო სახლთმფლობელობა ჩაირიცხა ბათუმის მერიის საბინაო ფონდში.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ფ. კ-ძის წარმომადგენლის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩნება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფ. კ-ძის წარმომადგენელმა ა. თ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. კ-ძის წარმომადგენელს ა. თ-ძეს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 30 ივლისს (ს.ფ. 171) ხოლო ფ. კ-ძეს ამა წლის 3 აგვისტოს (ს.ფ.175). აქედან გამომდინარე განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2009 წლის 11 აგვისტოს, ხოლო მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 12 დღიანი საპროცესო ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ. კ-ძის წარმომადგენლის ა. თ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.