№ას-886-1098-08 5 დეკემბერი , 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ფ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – კახეთის საოლქო პროკურატურა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით კახეთის საოლქო პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ქურდული სამყაროს წევრის, გ. გ-ის ახალი ნათესავის ე.ფ-ის მფლობელობაში არსებული შემდეგი ქონება: კერძოდ, ქ. ...... ქ.53-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ......რაიონის სოფ. .......მდებარე საცხოვრებელი სახლი და ქ. ....... ქ. №64-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. მითითებული ქონება ჩამოერთვა ქურდული სამყაროს წევრს გ. გ-ის ახლო ნათესავ ე. ფ-შვილს და გადაეცა სახელმწიფოს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, განესაზღვრა ვადა და განემარტა მისი შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.
აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ე. ფ-შვილსა და მის წარმომადგენელ ვ. თ.ეს. ვ. თ-ეს გზავნილი ჩაბარდა პირადად 2007 წლის 4 აპრილს, ხოლო ე. ფ-ლს 2007 წლის 11 აპრილს. იმ საფუძვლით, რომ ვ. თ-ის მიერ უწყების ჩაბარებიდან გასული იყო განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა, სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ფ-შვილმა და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში მის წარმომადგენლად აღარ იყო მითითებული ვ. თ-ძე, რომელთანაც, მართალია, რწმუნებულება გაფორმებული ჰქონდა სანოტარო წესით, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, იგი აღარ იყო უფლებამოსილი პირი შეეტანა სააპელაციო საჩივარი და აღარც მხარის წარმომადგენელს წარმოადგენდა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოს არ ეკისრებოდა ვალდებულება სასამართლო უწყება მისთვისაც ჩაებარებინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრით ე. ფ-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინებით ე. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ 2007 წლის 24 მაისს გაცემული ცნობის მიხედვით, ვ. თ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში მას წარმომადგენლის უფლებამოსილება გააჩნდა.
2007 წლის 11 ივლისს ე. ფ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ვ. თ. არ იყო უფლებამოსილი პირი განეხორციელებინა საადვოკატო საქმიანობა სამოქალაქო წესით სააპელაციო და უზენაეს სასმართლოში. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე მან შეიტყო მას შემდეგ, რაც ვ.თ-ეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წერილობით განუმარტა, რომ პირს, რომელსაც გავლილი აქვს ტესტირება მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, არა აქვს უფლება განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა სამოქალაქო წესით სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად, ე. ფ-შვილმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებისა და შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინებით ე. ფ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქლაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით ე. ფ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინება და ე. ფ-შვილის განცხადება დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით ე. ფ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 27.04.07წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძოO საჩივრით გაასაჩივრა ე. ფ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 423-ე მუხლების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ე. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან გაჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მხარემ არ იცოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ამასთან, მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე. ფ-შვილის მიერ წარმოდგენილი სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ 2007 წლის 29 იანვრით დათარიღებული წერილი ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, ვინაიდან საქმეში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ვ. თ-ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის მიხედვით შეწყვეტილი ჰქონდა წარმომადგენლის უფლებამოსილება, ხოლო ის გარემოება, რომ არ ჰქონდა გავლილი ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, მას არ ათავისუფლებდა იმ ვალდებულებისაგან, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განჩინების ჩაბარების თაობაზე ეცნობებინა მარწმუნებლისათვის _ ე. ფ-შვილისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა ისეთი გარემოებები და ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომელთა შესახებაც თავისი ბრალის გარეშე არ შეეძლო განჩინების მიღების დროს მიეთითებინა და, რომლებიც ადრე რომ წარედგინა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტიელბის გამოტანას, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლააქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ფ-შვილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: რ. ნადირიანი
თ. თოდრია