¹ბს-1079-659(კ-05) 15 თებერვალი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
თ. თოდრია
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2004წ. 18 ნოემბერს ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს” თავმჯდომარე ე. ფ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე _ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004წ. 27 აგვისტოს ¹430/22 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2004წ. 18 ივნისს მიიღო ¹287/9 გადაწყვეტილება, რომლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, კომპანიას 2004წ. 18 ივლისამდე უნდა გადეხადა სალიცენზიო გადასახდელის 10%-425.50 ლარი, 20%-850.50 ლარი და სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 ლარი. აღნიშნული თანხა, კერძოდ: სალიცენზიო გადასახდელის 10%-850.50 ლარი ჩარიცხულ იქნა 2004წ. 12 აგვისტოს, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის 10%-425.50 ლარი-2004წ. 16 აგვისტოს, შესაბამისად, მის კუთვნილ ლიცენზიას, რომელსაც მოქმედების ვადა გაუვიდა 2004წ. 10 მაისს, ვადა არ გაგრძელებია.
სადავო ადმინისტრაციული აქტის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაუქმდა ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს” ¹833 ლიცენზია ვადის გასვლის გამო, რაც, მოსარჩელის აზრით, არსებით ზიანს აყენებს რადიომაუწყებლობის სამართლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობას.
სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:
ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს” კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004წ. 18 ივნისის ¹287/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელების საწყისი ოდენობის გადახდის დამადასტურებული დოკუმენტების კომისიისთვის წარდგენისათვის მიეცა ერთი თვის ვადა და არა «18 ივლისამდე”, როგორც ეს მითითებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004წ. 27 აგვისტოს ¹430/22 გადაწყვეტილებაში, რაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება რეალობას.
მოსარჩელე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15, 54-ე და 58-ე მუხლების შესაბამისად, თვლის, რომ ადმინისტრაციული აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს, ხოლო მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ადმინისტრაციული აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ადმინისტრაციული აქტი არ მიუღია, რაც სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხეს არ გაუთვალისწინებია, მით უფრო მაშინ, როდესაც ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს‚‚ ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს და კანონიერ წარმომადგენლებს 2004წ. 18 ივნისის ¹287 გადაწყვეტილება, როგორც დაინტერესებულ მხარეს, არ ჩაჰბარებია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რეგისტრირებული იყო მოსარჩელე ორგანიზაციის ტელეფონის ნომრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მესამე პუნქტი, რომლის თანახმად, საფოსტო გზავნილებისა და კავშირგაბმულობის ქსელებით გადაცემული შეტყობინების შესახებ ინფორმაცია შეიძლება ეცნობოს მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს ან მათ კანონიერ წარმომადგენელს.
მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაეყრდნო 2004წ. 18 ივნისის აქტს, რომელსაც არ ჰქონდა იურიდიული ძალა.
ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს‚‚ გამგეობის წევრ გ. ა-თვის 2004წ. 10 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ბუღალტრული აღრიცხვის თანამშრომელთაგან ცნობილი გახდა, რომ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ს, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიისათვის უნდა წარედგინა ერთი კვირის განმავლობაში. 2004წ. 12 და 16 აგვისტოს მითითებული თანხები მოსარჩელემ გადაიხადა.
მოსარჩელე თვლის, რომ «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” კანონის 36.1. მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს ლიცენზიის მოქმედების ვადა უნდა გაეგრძელებინა, რამდენადაც მითითებული ნორმის თანახმად, ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით თუ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაურღვევია კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები, მას კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით. ამ შემთხვევაში მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და ლიცენზიის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ‚‚ კანონის 54-ე და 36.1. მუხლების, აგრეთვე «კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო‚ ლიცენზიის მოქმედების ვადა მოსარჩელისთვის გაეგრძელებინა 10 წლით, მით უფრო მაშინ, როდესაც ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს‚‚ მიერ 2004წ. 13 აგვისტომდე კომისიისთვის წარდგენილი ჰქონდა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხემ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 13.1 და 95.2 მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ მითითებული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად არ მიიწვია დაინტერესებული მხარე ადმინისტრაციულ წარმოებაში და არ აცნობა მას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რის გამოც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ასევე დაარღვია «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” კანონის 28.3. მუხლი, რომლის თანახმად, კომისია ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისათვის ეცნობებინა კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ და მიეცა მისთვის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, რის გამოც მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხემ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილები, 75-ე მუხლის «ე‚‚ პუნქტი და 95-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. უფრო მეტიც, სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოპასუხემ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადად მოსარჩელეს განესაზღვრა 2004წ. 20 აგვისტო, მაშინ‚ როცა კომისიაში გადაწყვეტილებაში მითითებული საკითხების ზეპირი მოსმენა გაიმართა 2004წ. 13 აგვისტოს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004წ. 27 აგვისტოს ¹430/22 გადაწყვეტილება მიღებულია ამავე კოდექსის 96.1. და 96.2. მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არ არის განხორციელებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ასევე‚ სადავო ადმინისტრაციულ აქტს საფუძვლად უდევს ისეთი გარემოებები და ფაქტები, რომლებიც მოპასუხეს არ გამოუკვლვია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი კონსტიტუციის 42-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. «დ»‚ და 60.2. მუხლების, აგრეთვე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. «ა»‚ 6.1. «ე», 22.1. და 32.1. მუხლების საფუძველზე ექვემდებარება ბათილად ცნობას.
მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:
მოპასუხე თვლის, რომ არ არსებობს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კერძოდ, 2004წ. 13 აგვისტოს და 27 აგვისტოს ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს»‚ ¹833 ლიცენზიის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში ჩატარდა ზეპირი მოსმენა, რის შედეგადაც კომისიამ გამოარკვია, რომ ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს”, რომელიც ფლობდა ¹833 ლიცენზიას (რადიომაუწყებლობა 102.9 მგჰც სიხშირეზე, 100ვტ სიმძლავრის გადაცემის გამოყენებით და წრიულად მოქმედი ანტენის ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებით ქ. ზუგდიდში) გააჩნდა რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება _ 33.20 ლარი. ამასთან, ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს‚» ¹833 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2004წ. 18 ივნისის ¹287 გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-425,50 ლარი, 20%-850,50 ლარი და სალიცენზიო მოსაკრებელი-1000 ლარი უნდა გადაეხადა ერთი თვის ვადაში, რაც ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს»‚ მიერ არ იქნა გადახდილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და, შესაბამისად, ლიცენზიას, რომელსაც მოქმედების ვადა გაუვიდა 2004წ. 10 მაისს, მოქმედების ვადა არ გაგრძელებია.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” კანონის 36.1. მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგარძელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადახდა, მოსარჩელემ კანონის აღნიშნული მოთხოვნა არ განახორციელა, რის გამოც «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” კანონის 40.1 მუხლის «ა»‚ პუნქტის თანახმად, ლიცენზია გაუქმებას ექვემდებარება.
მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს” არ ჩაჰბარებია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004წ. 18 ივნისის ¹287/9 გადაწყვეტილება, ვინაიდან მითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელეს გაეგზავნა 2004წ. 23 ივნისს ¹....... შეკვეთილი წერილით და ჩაჰბარდა 2004წ. 28 ივნისს. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელემ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-425,50 ლარი, 20%-850,50 ლარი და სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 ლარი არ გადაიხადა.
თბილისის საოლქო სასამართლოში 2005წ. 24 მაისს გამართულ მთავარ სხდომაზე ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს” წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და სადავო ადმინისტრაციული აქტის იმ ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელეს გაუუქმდა ლიცენზია.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს” უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მას არ მიუღია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ¹287/9 გადაწყვეტილება, ვინაიდან შპს «ს-ის‚‚ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ კ. ჩ-ის 2004წ. 16 დეკემბრის ¹314-1/336 წერილის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2004წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2004წ. 28 ივნისს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მას გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მოპასუხისათვის არ წარუდგენია ერთთვიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54.3. მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სალიცენზიო გადასახადებისა და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა რეალურად ამოეწურა 2004წ. 13 ივლისს.
სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მესამე ნაწილი არ ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც მოსარჩელემ დაარღვია «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” კანონის 36.1. და 40.1. მუხლების «ა” პუნქტის მოთხოვნები, რაც ლიცენზიის გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს” წარმომადგენელმა თ. თ-ამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება, შემდეგი მოტივით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393.2. მუხლის «ა» «ბ» და «გ» პუნქტების მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2004წ. 28 ივნისს, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54.4. მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო სასამართლომ შპს «ს-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ კ. ჩ-ის 2004წ. 16 დეკემბრის ¹314-1/336 წერილის საფუძველზე, რომელიც, მოსარჩელის აზრით, ყალბია, დადასტურებულად ცნო მითითებული გარემოება, რის გამოც დაარღვია სსკ-ის 102.3. მუხლის მოთხოვნა.
კასატორს მიაჩნია, რომ შპს «ს-ის” დრექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ კ. ჩ-ის 2004წ. 16 დეკემბრის ¹314-1/336 წერილს, სსკ-ის 103.2. მუხლის თანახმად, იურიდიული ძალა არა აქვს, რადგან იგი მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან, მასზე მითითებული ადრესატი «ლ-ა” ეკოლოგიურ ასოციაციაში არ მუშაობს, წერილზე არ არის მითითებული «ლ-ას” სახელი და თანამდებობა.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეთხოვა მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდა შპს «ს-ის»‚ წერილის უტყუარობასა და საფუძვლიანობას.
კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო სალიცენზიო გადასახდელის და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი 2004წ. 13 ივლისს წარედგინა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის, ვინაიდან კასატორი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად თვლის, რომ ერთთვიანი საპროცესო ვადის დინების 2004წ. 28 ივნისიდან, ანუ გადაწყვეტილების ჩაბარების DDდღიდან ათვლის შემთხვევაში, ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს” ვალდებულება უნდა შეესრულებინა არა 2004წ. 13 ივლისს, როგორც ეს სასამართლომ მიუთითა, არამედ 13 აგვისტოს. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393.2. მუხლის «ა» და «გ» პუნქტები.
კასატორი ასევე არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ დაარღვია «სალიცენზიო გადასახადის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ 2004წ. 12 ივლისის ¹287/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახადის და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» წარმომადგენელთა მიერ 2004წ. 12 და 16 აგვისტოს მოხდა, როგორც გადასახდელების გადახდა, ისე დოკუმენტაციის წარდგენაც.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსკ-ის 105.2 მუხლი, ვინაიდან ობიექტურად, ყოველმხრივ და სრულად არ განიხილა ასოციაციის მიერ კომისიისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისა და ვადის დარღვევის საკითხი. ასევე, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004წ. 27 აგვისტოს ¹287/9 გადაწყვეტილებას, რომლის გამოცემისას დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, რომელთა დაცვის შემთხვევაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორის _ ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» წარმომადგენელმა თ. თ-ამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მოწინააღმდეგე მხარის _ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა ი. თ-ამ არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება /.
სამოტივაციო ნაწილი:L
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394. «ე» მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები. სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა კანონის ნორმები.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო თვლის, მოცემულ შემთხვევაში ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» საკასაციო საჩივარი შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რამდენადაც საკასაციო სასამართლოში კასატორის მიერ წარმოდგენილია შპს «.......... ფოსტის» დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მ/შემსრულებელ კ. ჩ-ის მიმართვა კასატორის წარმომადგენლის _ თ. თ-ას წერილზე და საფოსტო გზავნილის რეესტრის ასლი, რომლის თანახმად შეკვეთილი წერილი ¹......., გაგზავნილი ქ. ზუგდიდში, ........ ქ. ¹89 ეკოლოგიური ასოციაცია «ა-თვის» ჩაბარდა გ. ა-ას, 28 ივნისს, ხოლო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას ის გარემოება, რომ კასატორს ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ¹287/9 გადაწყვეტილება (რომლითაც ასოციაციას» დაევალა სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ერთი თვის ვადაში) ჩაჰბარდა 2005წ. 28 ივნისს, დადგენილად ცნო საქმეში არსებული შპს «....... ფოსტის» დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მ/შემსრულებელ კ. ჩ-ის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარისადმი 2004წ. 16 დეკემბერს გაგზავნილი წერილით /იხ.ს.ფ. 70/, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. ზუგდიდში, ........ ქ. ¹89-ში ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» სახელზე გაგზავნილი წერილი ჩაჰბარდა ადრესატ ლაგუნავას. მითითებულ წერილს არ ახლავს წერილობითი დადასტურება (მტკიცებულება ფოსტის გზავნილის სახით), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, მით უფრო, რომ საქმის მასალებში არსებული ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» წესდებაში, არც კავშირის უფლებამოსილ პირთა (დამფუძნებელი, გამგეობის წევრები) ჩამონათვალში ლაგუნავას გვარის პიროვნება არ ფიგურირებს, შესაბამისად, გაურკვეველია, რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლო კოლეგიამ, რომ კომისიის გადაწყვეტილება ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» ჩაჰბარდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას, სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს აღნიშნულ მტკიცებულებას და გამოიკვლიოს ის გარემოება, რეალურად ჩაბარდა თუ არა კომისიის სადავო გადაწყვეტილება ეკოლოგიურ ასოციაცია «ა-ოს» კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, რამდენადაც შპს «......... ფოსტის» დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მ/შემსრულებელ კ. ჩ-ის მიმართვა, რომელიც წარმოდგენილია საკასაციო სასამართლოში დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზიის სახით, ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილ 2004წ. 16 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარისადმი გაგზავნილი წერილზე პასუხს, უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მიმართვით ირკვევა, რომ აღნიშნული წერილი ჩაიბარა გ. ა-ამ, საქმის მასალებში არსებული ასოციაციის წესდების თანახმად /იხ.ს.ფ.46/ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ასოციაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, რომელიც კასატორის მტკიცებით ზუგდიდში იმ დროისთვის არ იმყოფებოდა და ვერც გზავნილს ჩაიბარებდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ ისე მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება დადგენილად, რომ ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» 23.06.04წ. გაეგზავნა კომისიის ¹287/9 გადაწყვეტილების ასლი, არ უსარგებლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და არ გამოუთხოვია ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალის რეესტრის ამონაწერი, და აღნიშნული ამონაწერის შესაბამისად არ გაურკვევია მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რეალურად გაეგზავნა თუ არა კასატორს კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ასლი _ შეკვეთილი გზავნილის ფორმით, მით უფრო, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი ვალდებულება განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58.1. მუხლით, რომლის თანახმად, კანონმდებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული პირის მიერ ოფიციალურ გაცნობას უკავშირებს ამ უკანასკნელისათვის აქტის უშუალოდ გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შესაბამისად შეაგროვოს მტკიცებულებები და გამოიკვლიოს, ცნობილი იყო თუ არა ეკოლოგიური ასოციაცია «ა-თვის» კომისიის ¹287/9 გადაწყვეტილების (რომლითაც ასოციაცია «ა-ოს» დაევალა სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ერთი თვის ვადაში) შესახებ, რადგან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით დადგენილი არ არის, ხოლო რაკი აღნიშნული გარემოების დადასტურება ვერ იქნა რა უზრუნველყოფილი შესაბამისი მტკიცებულებებით, იგი მოკლებულია დასაბუთებას. სასამართლო კოლეგიამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სსსკ-ის 105.2. მუხლის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო უფლებამოსილი, ესარგებლა «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის 40.1. მუხლის «ე» პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით და გაეუქმებინა ეკოლოგიური ასოციაცია «ა-თვის» ლიცენზია, თუ ეს უკანასკნელი არ აღმოფხვრიდა კომისიის ¹287 გადაწყვეტილებაში მითითებულ ხარვეზს ერთი თვის ვადაში, ხოლო ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა განხორციელებულიყო ეკოლოგიური ასოციაცია «ა-თვის» ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოიკვლიოს ყველა გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს და მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ამასთან, მითითებული ნორმით იმპერატიულად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძვლად ისეთი ფაქტის მითითების დაუშვებლობა, რომელიც გამოკვლეული არ ყოფილა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას შემდეგზე, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2004წ. 27 აგვისტოს უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, ვინაიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004წ. 18 ივნისს გადაწყვეტილებით ეკოლოგიურ ასოციაცია «ა-ოს» მიეცა ერთთვიანი ვადა სალიცენზიო გადასახადის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისათვის წარდგენის თაობაზე, ხოლო მხარის მიერ მითითებული გადაწყვეტილების მიღების ფაქტი საქმეში არსებული მასალებით სარწმუნოდ არ დასტურდება, შესაბამისად სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს 2004წ. 13 აგვისტოს სხდომამდე /რომელითაც კომისიამ დაიწყო ზეპირი მოსმენა ეკოლოგიური ასოციაცია «ა-თვის» ლიცენზიის გაუქმების თაობაზე/ კომისიის მიერ გამოქვეყნდა თუ არა ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116.1. მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად განსაზღვრულია ადმინიტრაციული ორგანოს ვალდებულება გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის თაობაზე, ამასთან სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ის გარემოება, ეკოლოგიური ასოციაცია «ა-თვის» ცნობილი იყო თუ არა კომისიის 2004წ. 13 აგვისტოს სხდომის შესახებ და მიწვეული იყო თუ არა ეს უკანასკნელი ზეპირ მოსმენაზე მის გამართვამდე 7 დღით ადრე, რაც გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110.2 მუხლით, აგრეთვე, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება, კომისიის მიერ სადავო აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, ჰქონდა თუ არა ორგანოს მიღებული დადასტურება, რომ ადრესატს ჩაბარდა ¹287/9 გადაწყვეტილება, რის გამოსაკვლევად სასამართლომ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება, გამოითხოვოს ადმინისტრაციული ორგანოს კორესპონდენციათა ჟურნალი, მოწმედ დაკითხოს გ. ა-ა და ჩაატაროს სხვა საპროცესო მოქმედებები, რათა დადასტურდეს, კომისიას ჰქონდა თუ არა პროცედურული თვალსაზრისით საფუძველი 2004წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამო დაეწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, აქტის გამოცემის მიზნით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება კომისიის 2004წ. 18 ივნისის გადაწყვეტილების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე, რომ არ გამოიკვლია სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაარღვია თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დროს დადგენილი პროცედურების, ასევე‚ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები, რომლითაც დადგენილია ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობა. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ სადავო აქტით დაინტერესებულ მხარეს _ ეკოლოგიური ასოციაციას _ «ა-ოს» ადგება უშუალო და პირდაპირი ზიანი, რაც გამოიხატა კომისიის მიერ მისთვის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს სადავო გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ დაარღვია თუ არა ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, რამდენადაც საქმის მასალებში არ მოიპოვება კომისიის სხდომის ოქმი, რომლის სავალდებულობასაც ითვალისწინებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სპეციფიკურობიდან გამომდინარე (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 112), ასევე სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს კომისიის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111.2. მუხლის მოთხოვნები, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება დაინტერესებული მხარის _ ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» მონაწილეობა კომისიის სხდომაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად‚ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო ეს საპროცესო ვალდებულება, ხოლო სასამართლომ გადაწყვეტილება დაამყარა იმ გარემოებებზე, რომელიც არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია, რითაც უხეშად დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის მე-15 მუხლის მიხედვით საოლქო სასამართლოებში I ინსტანციით საქმის განმხილველი ადმინისტრაციული და სამოქალაქო კოლეგიების განსჯადი საქმეები განსახილველად დაექვემდებარა შესაბამის რაიონულ /საქალაქო/ სასამართლოებს სსსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საერთო განსჯადობის მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ეკოლოგიური ასოციაცია «ა-ოს» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 24 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
4. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.