¹ას-887-1194-07 19 დეკემბერი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს “.. ..”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 5 იანვარს ლ. ბ-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაA კოლეგიას მოპასუხე სს “ .. ..” მიმართ ელექტროენერგიის საფასურის გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, თბილისში, ე. მ-ის პირველი შესახვევის ¹...-ში მდებარე სახლი ეკუთვნოდა დედამისს _ტ. ბ-ს. დედის ავადმყოფობის გამო, 1995 წლიდან მის გარდაცვალებამდე, კერძოდ, 2000 წლის თებერვლამდე, ცხოვრობდა მითითებულ სახლში. აღნიშნულის თაობაზე სს “ .. ..” შეატყობინეს ფოსტის მეშვეობით. 2001 წლის შემოდგომაზე მოპასუხემ დაამონტაჟა ახალი მრიცხველი და მიუხედავად იმის, რომ სახლში არავინ ცხოვრობდა და, შესაბამისად, არც მრიცხველი მუშაობდა, თანხა მაინც ერიცხებოდა. 2004 წლის ზაფხულიდან დააგირავა სახლი და დამგირავებლები სისტემატურად იხდიდნენ ელექტროენერგიის საფასურს. ელექტროენერგიის აღრიცხვის ქვითრებში მოხმარებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი უცვლელია, ხოლო გადასახდელი თანხა ყოველთვიურად იზრდებოდა, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა 1011,6 ლარი, რის გამოც მოპასუხემ გაუთიშა ელექტროენერგიის მიწოდება.
მოსარჩელემ საბოლოოდ დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ 302კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურს მოპასუხეს ვერ შეედავებოდა, ვინაიდან მრიცხველის გამოცვლის დროს სს “.. ..ის” დაუდევრობით ბინაში ჩართული დარჩა ნათურები და მაცივარი. აღნიშნულის გათვალისწინებით ლ. ბ-მ საბოლოოდ მოითხოვა 2000 წლის 22 ივნისიდან 2004 წლის 11 აგვისტომდე დარიცხული 950,6 ლარის გადახდისაგან განთავისუფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ბ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა, რომლის ღირებულება შეადგენდა 950,6 ლარს, რაც არ აღემატება 1000 ლარს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თობაზე, რომ მის მიერ სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ზრდის მის მიერ მოთხოვნილი დავის საგნის ღირებულებას 1247 ლარამდე, ვინაიდან სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 950,6 ლარის გადახდისაგან განთავისუფლება, ხოლო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების შემადგენელ ნაწილად ვერ ჩაითვლება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.