საქმე # 010100218700050923
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№4აპ-18 ქ. თბილისი
ფ. რ, 4აპ-18 24 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით რ. ფ, – დაბადებული --- ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 14 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: რ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის მე-111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ფ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სესტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლის 8 მარტს, 04:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში, დ-ს რაიონის სოფელ ი--ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ. ფ-მა მეუღლეს – ა. ფ-ას ბენზინი შეასხა მკერდის მარცხენა მხარესა და მარცხენა მკლავზე, შემდეგ ასანთით მოუკიდა ცეცხლი, რამაც სხეულის დამწვრობა გამოიწვია, ასევე დაემუქრა მისი და მისი მშობლების სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ა. ფ-ამ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი.
· 2016 წლის 16 ივნისს, ღამით, დ-ს რაიონის სოფელ ი-ი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რ. ფ-მა არასრულწლოვანი შვილების – კ. ფ-სა და კ. ფ-ს თანდასწრებით, მეუღლეს – ა. ფ-ას, რომელიც ჯერ კიდევ განიცდიდა რ. ფ-საგან მიყენებულ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილს, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე, ღუმელის ლითონის საჩხრეკი ჩაარტყა თავში, ბეჭებში, მხრებსა და მკლავებში, გარდა ამისა, დაემუქრა მისი და მისი მშობლების სიცოცხლის მოსპობით, რამაც ა. ფ-ას ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
· 2016 წლის 10 ოქტომბერს, საღამოს, დ-ს რაიონის სოფელ ი-ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ. ფ-მა არასრულწლოვანი შვილების – კ. ფ-სა და კ. ფ-ს თანდასწრებით, მეუღლეს – ა- ფ-ას, რომელიც ჯერ კიდევ განიცდიდა რ. ფ-საგან მიყენებულ ფიზიკურ ტკივილს, ყელზე დანა მიადო და დაემუქრა ყელის გამოჭრით, დაიჭირა და დანით დაუსერა ხელები, დანის წვერით დაუჩხვლიტა ბარძაყები და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც ა. ფ-ას ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
· 2016 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, დ-ს რაიონის სოფელ ი–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ. ფ-მა არასრულწლოვანი შვილების – კ. ფ-სა და კ. ფ-ს თანდასწრებით, მეუღლეს – ა. ფ-ას, რომელიც ჯერ კიდევ განიცდიდა რ. ფ-–საგან მიყენებულ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილს, ნიჩაბი რამდენჯერმე დაარტყა ზურგში, ბეჭებსა და მკლავებზე, ასევე – ნიჩბის ტარი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, რამაც ა. ფ-ას ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
· 2016 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00-დან 19:00 საათამდე პერიოდში, დ--ს რაიონის სოფელ ი-ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ. ფ-მა არასრულწლოვანი შვილების – კ. ფ-სა და კ. ფ-ს თანდასწრებით, მეუღლეს – ა. ფ-–ას, რომელიც ჯერ კიდევ განიცდიდა რ. ფ-საგან მიყენებულ ფიზიკურ ტკივილს, ნიჩაბი რამდენჯერმე დაარტყა ზურგში, ბეჭებსა და მკლავებზე, ასევე – ნიჩბის ტარი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, რამაც ა. ფ-ას ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი დ. ნ. ითხოვს მსჯავრდებულ რ. ფ-ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, დაზარალებულთან შერიგების გამო ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის საკმარისად მიჩნევას და მის გათავისუფლებას დანარჩენი სასჯელის მოხდისაგან იმავე მოტივებით, რაზეც მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული, კერძოდ: საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ 2016 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე მომხდარი ფაქტი, ასევე – 2016 წლის 16 ივნისის ფაქტი (მხოლოდ არა შვილების თანდასწრებით), ხოლო დანარჩენი ეპიზოდების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება; ამასთან, დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულს, აქვთ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა; მსჯავრდებული ციხეში დაავადდა ტუბერკულოზით, იგი ხასიათდება დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
6. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ძიძიგური შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს ადვოკატის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენი რ. ფ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ. ფ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის მე-111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში დადასტურებულია საქმეზე შეკრებილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. ფ-ას, მოწმეების – ა. მ-ს, თ. მ-ს, კ. და კ. ფ-ების, ექსპერტების – მ. ლ-ს, შ. კ-ს, რ. ტ-ს, გ. ქ-ს, ფ. დ-ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 17 ოქტომბრის №, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის 2016 წლის 2 დეკემბრის №, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 14 მარტის № დასკვნებითა და სხვა მასალებით.
10. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები. პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).
11. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ დ. ნ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი