Facebook Twitter

¹ას-893-1104-08 9 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანმა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ც. ფ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. გ-ავა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. გ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ძის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. გ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. მ-ძეს მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა 1320 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მ. მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-ძის წარმომადგენელმა ც. ფ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მასზე დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ძეს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით განესაზღვრა რა ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ც. ფ-ძის ადვოკატის მოწმობის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება ც. ფ-ძეს ჩაბარდა 2008 წლის 23 დეკემბერს (ს.ფ. 101), ხოლო ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა 29 დეკემბერს. მხარეს განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 420-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.