Facebook Twitter

№ას-894-1105-08 12 ნოემბერი 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ქ-აია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. თ-აძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანასაკუთრებაში შემავალი მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 2 აპრილს თ. ქ-აიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. თ-აძის მიმართ ქონების გაყოფის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1966 წლიდან 1978 წლამდე. სადავო ქონება შეძენილ იქნა მოსარჩელის მიერ მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში. იგი მუშაობდა ვაჭრობის სისტემაში და ჰქონდა სტაბილური შემოსავალი. მოპასუხემ აღნიშნული ქონების ნებაყოფლობით გაყოფაზე განაცხადა უარი. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის მხოლოდ 2005 წელს გახდა ცნობილი ლ. თ-აძის მხრიდან ქორწინების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა მხარეებს შორის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ქ-აიას სარჩელი ლ. თ-აძის მიმართ თანასაკურებაში შემავალი მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-აიამ.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2008 წლის 12 ივლისს. PALAAM

პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ თ. ქ-აიამ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიტანა 2008 წლის 5 აგვისტოს.GA

NM სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ქ-აიამ დაარღვია სააპელაციო საჩივრის აღძვრის საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი 14 დღიანი ვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ქ-აიამ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 12 ივლისს იგი იმყოფებოდა თბილისში სამკურნალოდ, რის გამოც ბორჯომში გაგზავნილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უწყება მან ვერ მიიღო და არ ჩაბარებია კურიერისაგან. კურიერმა მასზე გადასაცემი ბარათი დაუტოვა მისი მეზობლის ოჯახს დ. გ-ეს მისთვის გადასაცემად, რაც კერძო საჩივრის ავტორს გადასცეს დაგვიანებით, მთელი თვის მანძილზე მისი ბორჯომში ყოფნის გამო.

ასევე კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის გარემოება რომ თითქოს მან გადაწყვეტილება ჩაიბარა 12 ივლისს და რომ შეტყობინების ბარათზე მისი ხელმოწერაა არ შეესაბამება სიმართლეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ქ-აიამ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს და საქმის მასალებს და მიიჩნია რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება თ. ქ-აიას ჩაბარდა 2008 წლის 12 ივლისს (ს.ფ105). სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2008 წლის 28 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2008 წლის 5 აგვისტოს (ს.ფ.110). სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით თ. ქ-აიას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას შეადგენს 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება, (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თ. ქ-აიას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ და შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ კურიერმა მასზე გადასაცემი ბარათი დაუტოვა მისი მეზობლის დ. გ-ის ოჯახს, რაც კერძო საჩივრის ავტორს გადასცეს დაგვიანებით, მთელი თვის მანძილზე მისი ბორჯომში ყოფნის გამო, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ქ-აიას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2008 წლის 12 ივლის (ს.ფ.105).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ქ-აიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: რ. ნადირიანი

თ. თოდრია