საქმე №100აგ-17 თბილისი
ღ-ე კ., 100აგ-17 28 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ღ-ს ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ნოემბრის განაჩენით: კ. ღ-ს, - დაბადებულის 19.. წელს, - მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა საქმისწარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო; კ. ღ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; კ. ღ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია) – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 18,144-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ კ. ღ-ს განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 13 მაისიდან.
2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: ე. ყ-ი, ზ. ბ-ე, ზ. ბ-ე, პ. შ-ე, მ. წ-ე, რ. კ-ე, ა. გ-ე, რ. ა-ე, ზ. ც-ე, გ. ბ-ე, ე. მ-ე და დ. ჟ-ე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ნოემბრის განაჩენი კ. ღ-ს მიმართ შეიცვალა, კერძოდ: კ. ღ-ს განაჩენიდან ამოერიცხა სისხლის სამართლის კოდექსის 18,144-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებზე მითითება. კ. ღ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია), ამავე კოდექსის 18,144-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 13 მაისიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განაჩენი კ. ღ-ს მიმართ შეიცვალა, კერძოდ: კ. ღ-ს ამოერიცხა სისხლის სამართლის კოდექსის 18,144-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია) მსჯავრდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. მსჯავრდებულ კ.ღ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია) საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განაჩენი კ. ღ-ს მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ღ-ს ¼-ით შეუმცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია) დადგენილი სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ კ. ღ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ კ. ღ-ს ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
8. 2017 წლის 11 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ კ. ღ-ს ადვოკატმა მ. ა-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა კ. ღ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით, ამ კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების შესაბამისად.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ კ. ღ-ს ადვოკატ მ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ.ღ-ს ადვოკატმა მ. ა-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს.“
5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან კ. ღ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლით მსჯავრდებისათვის განსაზღვრული აქვს ერთი სასჯელი, მის მიმართ ვერ გავრცელდება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით ამ კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილება.
6. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ კ. ღ-ს ადვოკატ მ. ა-ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. ღ-ს ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ღ-ს ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ კ. ღ-ს ადვოკატ მ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი