Facebook Twitter

¹ას-896-1182-09 9 ნოემბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ გ. ხ-ავა (მოპასუხე), ნ. დ-ძე (მოპასუხე, შუამდგომლობის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ჭ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სენაკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ძის სარჩელი მოპასუხეების _ გ. ხ-ავასა და ნ. დ-ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელეს გაუგრძელდა სენაკში, ... ქ. ¹2-ში მდებარე საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ერთი მესამედი ნაწილიდან (აწ გარდაცვლილი საშა კოხიას სამკვიდრო ქონებიდან) სამკვიდრო წილის მიღების ვადა (ს.ფ. 174-175).

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ხ-ავამ და ნ. დ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (ს.ფ. 196-198).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინებით გ. ხ-ავასა და ნ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. 2008 წლის 4 ივნისს იგი ჩაჰბარდა მოპასუხეების ოჯახის სრულწლოვან წევრს, შვილს _ შ. ხ-ავას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შ. ხ-ავასათვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარება წარმოადგენდა ადრესატისათვის მის ჩაბარებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქმეზე დგინდებოდა, რომ გ. ხ-ავამ და ნ. დ-ძემ რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2009 წლის 10 ივლისს, მაშინ როდესაც გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2008 წლის 18 ივნისი.

რამდენადაც გ. ხ-ავასა და ნ. დ-ძეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ მათ სააპელაციო საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში, ნაცვლად 2009 წლის 18 ივნისისა, შეიტანეს 2009 წლის 10 ივლისს, ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 200-203).

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ. ხ-ავამ და ნ. დ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების ასლი მათ არ ჩაბარებიათ. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინება, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა, საქმეს დაერთო მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდგომ. საგულისხმოა, რომ დასახელებული დოკუმენტიდან არ დგინდება ადრესატისათვის გაგზავნილი კორესპონდენციის დასახელება. თუ გავითვალისწინებთ, რომ აპელანტები სენაკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხვა საქმის მხარეებსაც წარმოადგენდნენ, სრულიად შესაძლებელია, აღნიშნული საფოსტო გზავნილი მოცემულ საქმესთან შემხებლობაში არ ყოფილიყო.

კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას. კანონის ეს მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის, კერძოდ, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ სადავო შეტყობინება ასეთ ინფორმაციას არ შეიცავს. ამასთან, შეტყობინებაში არსებული ხელმოწერა მათ შვილს _ შ. ხ-ავას ნამდვილად არ ეკუთვნის, რასაც იგი თავადაც ადასტურებს. უფრო მეტიც, სასამართლო გზავნილის გაგზავნის დროისათვის შ. ხ-ავა მშობლებთან არ ცხოვრობდა, რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სენაკის სამსახურის 8.07.2009წ. საინფორმაციო ბარათით.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ნ. დ-ძის წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, იმის გასარკვევად, სადავო შეტყობინების ბარათზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნოდა თუ არა შ. ხ-ავას, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ხელწერის ექსპერტიზა. 31.07.2009წ. ¹19-2994 წერილით ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა გამოსაკვლევი დოკუმენტის დედანი და შ. ხ-ავას ხელმოწერის თავისუფალი და ექსპერიმენტული ნიმუშები. აღნიშნულის გამო, კერძო საჩივრის ავტორებმა დასახელებული მასალების მიღების თხოვნით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, თუმცა მოთხოვნილი კორესპონდენცია ამ დრომდე არ ჩაჰბარებიათ. საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათები, რომლებზეც შ. ხ-ავას ხელმოწერებია დაფიქსირებული, ნათლად ადასტურებს, რომ სადავო შეტყობინების ბარათზე არსებული ხელმოწერა შ. ხ-ავას არ ეკუთვნის (ს.ფ. 218-219).

კერძო საჩივრის შემოტანის შემდგომ ნ. დ-ძემ წარმოადგინა განცხადება, სადაც იშუამდგომლა ხელწერის ექსპერტიზის ჩასატარებლად საქმეში არსებული შ. ხ-ავას ჩაბარების დასტურის დედანი დოკუმენტების გადაცემა (ს.ფ. 239-240).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. ხ-ავასა და ნ. დ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მათ მიერ კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა. ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა სააპელაციო სასამართლომ დაუკავშირა 2009 წლის 4 ივნისს შ. ხ-ავასათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებას (ს.ფ. 195), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიიჩნია ადრესატთათვის გზავნილის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში გზავნილის ჩაბარების შესახებ საქმეში არსებული შეტყობინების ბარათი, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა, არ შეიცავს მხარისათვის გაგზავნილი კორესპონდენციის დასახელებას, იგი ასევე არ შეიცავს საქმის ნომერს, რომელთან დაკავშირებითაც მხარეს აღნიშნული კორესპონდენცია გაეგზავნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია გაირკვეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაგზავნილი რომელი კონკრეტული კორესპონდენციის ჩაბარების დასტურს წარმოადგენს საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინება, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე უტყუარად არ დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოპასუხეთა მიერ 4 ივნისს ჩაბარება, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის დენის დასაწყებად გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარის მიერ ჩაბარება უტყუარად უნდა დგინდებოდეს. ს.ფ. 183-ზე განთავსებული მტკიცებულების თანახმად, ნ. დ-ძის წარმომადგენელ როლანდ შონიას სენაკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების დასაბუთებული ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 1 ივლისს _ მის მიერ სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის დღეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

რაც შეეხება ნ. დ-ძის შუამდგომლობას ექსპერტიზის ჩატარების მიზნით საქმეში არსებული დედანი დოკუმენტების მიღების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად სააპელაციო სასამართლოს უბრუნდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინება და გ. ხ-ავასა და ნ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

ნ. დ-ძის შუამდგომლობა საქმეში არსებული დედანი დოკუმენტების გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.