Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ას-896-1203-07 4 თებერვალი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქობულეთის რაიონის ჩაქვის ¹1 სკოლის დირექტორი ტ. ქ-აძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ზია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არარა აქტად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-ზიამ 2006 წლის ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ჩაქვის ¹1 საშუალო სკოლის მიმართ და მოითხოვა ჩაქვის ¹1 სკოლის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹7 ბრძანების არარა აქტად ცნობა, მოსარჩელის სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ...ის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში საფუძვლად მითითებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-6 მუხლის VI პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სკოლის რეორგანიზაციის, გაერთიანების, კონტიგენტისა და უფლება-მოვალეობების გამო პედაგოგიური რესურსების ოპტიმიზაციის განსახორციელებლად ჩაქვის ¹1 სკოლისათვის არ წარმოადენს აუცილებლობას ცალკე დაწყებითი სკოლის სექტორში სასწავლო ნაწილის გამგის საშტატო ერთეულის ფუნქციონირება, რაც მოსარჩელის მითითებით, არასწორია. მოსარჩელის მითითებით, მისი გათავისუფლებისას დარღვეულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი. მას თანამდებობაზე დარჩენილ პირებთან შედარებით თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება გააჩნდა, რადგან ჩაქვის ¹1 სკოლაში მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი აქვს და ასევე ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით მას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ჰქონდა. 2005 წლის 19 ოქტომბერს ჩაქვის ¹1 სკოლის დირექტორი იყო ნ. ნ-აძე, ხოლო მისი გათავისუფლების ბრძანება გამოცემული და ხელმოწერილია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ი.ბაგრატიონის მიერ. საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრის ¹448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-6 მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად მხოლოდ დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას და არა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა, რომელიც არც იყო დანიშნული. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, ჩაქვის ¹1 დირექტორის ი.ბ-ის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹7 ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა და გამოცემულია არაუფლებამოსლი პირის მიერ და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად არარა აქტად უნდა იქნეს ცნობილი.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. გ-ზიას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; არარა აქტად იქნა ცნობილი ჩაქვის ¹1 სკოლის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹7 ბრძანება სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე ლ. გ-ზია აღდგენილ იქნა ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი ხელფასი 2005 წლის 19 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ყოველთვიურ 64 ლარზე გაანგარიშებით, 2005 წლის 1 ნოემბრიდან 2006 წლის 20 სექტემბრამდე ყოველთვიურად 290 ლარის ოდენობით და 2006 წლის 20 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაქვის ¹1 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ტ. ქ-აძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაბა ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ტ. ქ-აძეს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღიანი ვადა. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქობულეთის რაიონის ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტ.ქ-ძის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი; საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქობულეთის რაიონის ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ტ. ქ-აძის სააპელაციო საჩივარი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქობულეთის რაიონის ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტ. ქ-აძის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით დაუბრუნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქობულეთის რაიონის ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ტ.ქ-ძეს. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოში წარდგენილი იქნა ვადის დარღვევით, კერძოდ სამი დღის დაგვიანებით. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 185-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე აპელანტს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქობულეთის რაიონის ჩაქვის ¹1 სკოლის დირექტორმა ტ. ქ-აძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ მას ჩაბარდა 2007 წლის 5 ოქტომბერს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზი შეავსეს სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში, სახელმწიფო ბაჟი გადაიხადეს 2007 წლის 9 ოქტომბერს და კორესპონდენცია თანდართულ ქვითართან ერთად გააგზავნეს სასამართლოში 2007 წლის 11 ოქტომბერს. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სკოლას ხარვეზი მითითებულ ვადაში აქვს შევსებული და გაგზავნილი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქობულეთის რაიონის ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის ტ.ქ-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, დაბა ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, მიეცა ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე (ს.ფ. 156-157).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქობულეთის რაიონის ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ტ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი (ს.ფ. 162-166).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას არ გამოიყენა “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “უ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან _ ყველა საქმეზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად არ უნდა დაედგინა ხარვეზი აპელანტისათვის, რადგან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქობულეთის რაიონის ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლა, რომელიც არის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქობულეთის რაიონის ჩაქვის ¹1 სკოლის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.