განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-897-1204-07 28 იანვარი, 2008წ.
ქ. თბილი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ვ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 4 ივლისს მ. კ-ძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ვ-ძის წინააღმდეგ და უკანონო მშენებლობის მოშლა და საერთო საკუთრებიდან მოპასუხის კუთვნილი წილის გამიჯვნა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თ. ვ-ძეს ქ. ბათუმში, წ-ის ქ. ¹..-ში აგებული საცხოვრებელი სახლის ნაგებობის მოშლა დაევალა.
2007 წლის 29 ივნისს თ. ვ-ძემ სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ. ვ-ძის ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა, დაევალა და ამისთვის 7-დღიანი ვადა მიეცა. ამავე სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით თ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველი დარჩა. სააპელაციო პალატის განმარტებით, თ. ვ-ძემ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა, რის შესახებაც სააპელაციო პალატას არ აცნობა. ასეთი ცნობის უქონლობისას კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, უწყება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე იგზავნება და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
2007 წლის 14 ნოემბერს თ. ვ-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მას მისამართი არ შეუცვლია, ხოლო მითითებულ მისამართზე ხარვეზის განჩინების ასლი “... ფოსტის” თანამშრომლის დაუდევრობის გამო არ ჩაჰბარებია. თ. ვ-ძემ კერძო საჩივარს “... ფოსტის” საფოსტო სამსახურის უფროსის პასუხი და “... ფოსტის” მე-7 უბნის კურიერის ახსნა-განმარტებითი ბარათი დაურთო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინებით თ. ვ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თ. ვ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა იმავე პალატას უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, „... ფოსტის“ საფოსტო სამსახურის უფროსის წერილითა და “... ფოსტის” მე-7 უბნის კურიერის ახსნა-განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება ადრესატ თ. ვ-ძეს არ ჩაჰბარდა იმის გამო, რომ ,,სახალხო ფოსტის“ კურიერმა მასზე დაკისრებული მოვალეობა არასრულფასოვნად შეასრულა, ხოლო გზავნილის დაბრუნების შესახებ ცნობაში გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მიუთითა, რომ “ამ მისამართზე ასეთი არავინაა” (ს.ფ. 114, 143, 144). აღნიშნულ განმარტებაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ვ-ძემ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა, რის შესახებაც საქმის განმხილველ სასამართლოს არ აცნობა, ამიტომ, გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვალა და სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველი დარჩა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ვ-ძეს ხარვეზის განჩინება „... ფოსტის“ კურიერის მიერ მოვალეობის არასრულფასოვნად შესრულების გამო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად არ ჩაჰბარდა, ამიტომ ამავე კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენება და აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 76-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ვ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე თ. ვ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.