ბს-1079-922-კ-04 28 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 22 აპრილს ნ. ე-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და მის მიერ გამოცემული ¹39/2-403 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, მეუღლის 10 წლის ხელფასისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, ასევე, მეუღლის მშობლების საპენსიო უზრუნველყოფა მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1994წ. 5 იანვარს მისი მეუღლე _ ტყიბულის შინაგან საქმეთა საქალაქო საგზაო-საპატრულო სამსახურის ინსპექტორი გ. წ-ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს 1994წ. 8 აპრილის დასკვნით იქნა დამტკიცებული.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს გადაეგზავნა, რომელსაც მატერიალური დახმარების და საპენსიო საკითხების უზრუნველყოფის მიზნით, “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, ერთდროული კომპენსაციის – 10 წლის ხელფასის ოდენობისა და დაკრძალვის ხარჯები უნდა აენაზღაურებინა.
მოსარჩელის თქმით, მისთვის 2002წ. მარტამდე არ იყო ცნობილი ამ დასკვნის შესახებ, ასევე, იმის თაობაზე, რომ შეეძლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქმრის 10 წლის ხელფასის ანაზღაურება მოეთხოვა და აღნიშნული იყო მხოლოდ მიზეზი იმისა, რომ მას ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ზემომითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით არ მიუმართავს. დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში მისი თანდასწრებით შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯები გაცემული არ ყოფილა, მაგრამ აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან წერილობითი პასუხი მიიღო, რომ მინისტრის 1997წ. 7 აგვისტოს ¹460 ბრძანების თანახმად, დოკუმენტაცია განადგურდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეეძლო დაედგინა, ჰქონდა თუ არა მას აღნიშნული დახმარებები მიღებული.
2002წ. 9 სექტემბრის განცხადებით მოსარჩელემ სარჩელის საგანი დააზუსტა და მოპასუხისაგან მეუღლის 10 წლის ხელფასის – 11356.8 ლარისა და დაკრძალვის ხარჯების – 2000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკრძალვის ხარჯები – 500 ლარამდე შეამცირა.
მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ნ. ე-ემ 1964წ. რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გაუშვა. ამასთან, მოსარჩელეს ან გარდაცვლილის ოჯახის რომელიმე წევრს “პოლიციის შესახებ” კანონით გათვალისწინებული ანაზღაურება ჰქონდა თუ არა მიღებული, ვერ დადგინდა.
2002წ. 31 ივლისის საოქმო დადგენილებით საქმეში მესამე პირად სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ჩაება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ე-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის მოსაზრებით, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დოკუმენტაცია ხელაღებით განადგურებულიყო, ყოველ შემთხვევაში დოკუმენტის განადგურების აქტი უნდა შედგენილიყო, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომელი და რა შინაარსის დოკუმენტი იყო განადგურებული. ამასთან, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოპასუხის მიერ სსკ-ის ნორმების დარღვევას, კერძოდ, არ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც მასთან ინახებოდა და რომელზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებდა, რითაც პროცესის დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები უგულებელყო.
აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის მე-80 მუხლი (1964წ. რედაქციის). გადაწყვეტილებაში ფაქტობრივად და იურიდიულად დასაბუთებული არ იყო, თუ რა გარემოებებსა და მტკიცებულებებს უკავშირებდა იგი მოსარჩელის მხრიდან სარჩელის უფლების წარმოშობის რეალურ დროს.
აპელანტი აღნიშნავდა, რომ პენსიის დანიშვნის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა და შესაბამისად, კომპენსაციის მიღების უფლება არ არსებობდა და, ამდენად, შეუძლებელი იყო ამის შესახებ გაეგო. ამიტომ სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს მას პენსია მიმართვისას დროულად დაენიშნა და აუცილებლად უნდა შეეტყო კომპენსაციის შესახებაც, უსაფუძვლო იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინებით ნ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 სექტემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ნ. ე-ის მეუღლე 1994წ. 5 იანვარს გარდაიცვალა, სარჩელი კი 2002წ. 22 აპრილს იქნა აღძრული, 1964წ. რედაქციის სკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, რომელიც სამწლიან ხანდაზმულობის ვადას ითვალისწინებდა, სარჩელი ხანდაზმული იყო. ამასთან, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა სასარჩელო უფლების წარმოშობის დღიდან იწყებოდა, ნ. ე-ემ კი საპატიო მიზეზი, რის გამოც კანონით დადგენილ ვადაში დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოს არ მიმართა, ვერ მიუთითა.
აღნიშნული განჩინება ნ. ე-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინებით ნ. ეგუტიძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ არამართებული იყო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ერთჯერადი კომპენსაციის სახით 10 წლის ხელფასის ანაზღაურებაზე კასატორის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან დადგენილი იყო, რომ შს მინისტრის მიერ დამტკიცებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის დასკვნა ნ. ე-ეს არ გაგზავნია და არც სხვა გზით გამხდარა ამის თაობაზე მისთვის ცნობილი. საკასაციო პალატამ 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 და 1997წ. სკ-ის 131-ე მუხლებზე დაყრდნობით გაიზიარა კასატორის მოსაზრება და მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულად არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა მოთხოვნის წარმოშობის შესახებ, ხოლო სამოქალაქო კანონმდებლობის დებულება, რომ კანონის არცოდნა ან არასათანადო გაგება ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, აღნიშნულ შემთხვევას არ შეესაბამება, რადგან მოცემულ დავაში არა კანონის, არამედ მინისტრის დასკვნის არცოდნაზეა საუბარი, რომელიც ნ. ე-ეს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებდა.
საკასაციო სასამართლომ ასევე, არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შსს-ში დოკუმენტების განადგურების გამო, ვერ დგინდებოდა, ჰქონდა თუ არა ნ. ე-ეს 10 წლის კომპენსაციის თანხა უკვე მიღებული და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი შსს სამინისტროს ეკისრება. ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებით კასატორის მიერ კუთვნილი კომპენსაციის მიღებაც არ დასტურდება. ამდენად, აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ის ფაქტი, რომ ნ. ე-ემ განცხადებით მიმართა სოცდაზღვევის ფონდს და მეუღლის გარდაცვალების გამო, სამი არასრულწლოვანი შვილისათვის მარჩენლის დაკარგვის გამო პენსია დაენიშნა, არ ნიშნავდა, რომ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მას 10 წლის კომპენსაციაც ეკუთვნოდა, რადგან ხსენებული კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია გათვალისწინებული, თუ პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპებოდა, აღნიშნულზე შიდა სამსახურებრივი აქტი შედგებოდა და იგი შსს მინისტრის მიერ დამტკიცდებოდა. მარჩენლის დაკარგვის გამო პენსია კი მას და მის შვილებს კანონით გათვალისწინებული წესით ეკუთვნოდათ და აღნიშნული ერთმანეთთან სამართლებრივ კავშირში არ იყო. უმართებულო იყო იმის მტკიცება, რომ, რადგან მან სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიმართა, მისთვის შსს მინისტრის დასკვნის თაობაზეც ცნობილი იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატ 2004წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით აპელანტ ნ. ე-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ე-ის წარმომადგენელ მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქშს სამინისტროს გადასახდელად დაეკისრა 10 წლის ერთდროული ხელფასის სახით 4276,81 ლარი და დაკრძალვის ხარჯი 500 ლარი, სულ 4776,81 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტის მეუღლე, ტყიბულის შინაგან საქმეთა საქალაქო საგზაო საპატრულო სამსახურის ინსპექტორი გ. წ-ე, გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს 1964წ. 8 აპრილის დასკვნით იყო დადასტურებული. სააპელაციო პალატამ უდავოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ საქართველოს შს სამინისტროს დასკვნა აპელანტს არ ჩაჰბარებია და არ გაგზავნია და აღნიშნულის თაობაზე არც სხვა წესით გამხდარა მისთვის ცნობილი. შესაბამისად, არამართებული იყო რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ ნ. ე-ის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან მისთვის ცნობილი არ ყოფილა მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყებოდა სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. 1997წ. სკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ორივე მუხლის მთავარი მოთხოვნაა, რომ პირმა უნდა შეიტყოს მოთხოვნის ან უფლების წარმოშობის შესახებ, რათა მოთხოვნის ხანდაზმლობის ვადის ათვლა დაიწყოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და ჩათვალა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო, რადგან მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა მოთხოვნის წარმოშობის შესახებ, ხოლო სამოქალაქო კანონმდებლობის დებულება, რომ კანონის არცოდნა ან არასათანადო გაგება ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, აღნიშნულ შემთხვევას არ შეესაბამებოდა, რადგან მოცემულ დავაში არა კანონის, არამედ სამინისტროს დასკვნის არცოდნაზე იყო საუბარი, რომელიც ნ. ე-ეს კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, საქართველოს შს სამინისტროს 2002წ. 16.04.¹9/2-403 წერილის საფუძველზე მიიჩნია, რომ ნ. ე-ის ერთდროული დახმარებისა და დაკრძალვის თანხა ანაზღაურებული არ ყოფილა.
“პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის V პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უნაზღაურდება ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯებსაც სახელმწიფო გაიღებს.
სააპელაციო სასამართლომ დაკრძალვის ხარჯი 500 ლარი გონივრულ თანხად მიაჩნია, რომელიც მოსარჩელეს სრულად უნდა ანაზღაურებოდა,ხოლო 10 წლის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებულიყო.
“პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის MEმე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, “პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს”.
ამავე მუხლში 2000წ. 28 ივლისის კანონით შეტანილი ცვლილებებით პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს. ყველა სხვა თანხა, რაც პოლიციელს ეძლევა პოლიციაში სამსახურისათვის, მათ შორის, კვების ულუფის თანხა, წარმოადგენს დანამატს და იგი ხელფასის ცნებაში არ გაითვალისწინება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, რადგან საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შს სამინისტროს 26.08.02 წ. ¹9/2-947 წერილის თანახმად, საგზაო პოლიციის რიგითის ხელფასი შეადგენს 35,64 ლარს, ნ. ე-ეს უნდა ანაზღაურებოდა ერთდროული დახმარება 10 წლის ხელფასის სახით _ 4276,81 ლარი, სულ დაკრძალვის ხარჯის ჩათვლით 4776,81 ლარი.
2004წ. 6 აგვისტოს თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებით მიმართა ნ. ეგუტიძის რწმუნებულმა მ. გ-მა და სკ-ის 261-ე მუხლისა და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებისა და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასამართლო ხარჯებთან მიმართებაში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და მოპასუხეებისათვის 191,08 ლარის დაკისრება ითხოვა. მანვე საკასაციო წესით გაასაჩივრა 2004წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და ითხოვა მოპასუხისათვის 10 წლის ოდენობის ხელფასის სასურსათო ულუფის ღირებულების გათვალისწინებით და წარმომადგენლისათვის გადახდილი ხარჯის, თანხის 4%-ის ოდენობით გადახდის დაკისრება.
კასატორი მიუთითებს, რომ “პოლიციის შესახებ” 1993წ. მიღებული კანონის 31-ე მუხლით, პოლიციის ხელფასი განისაზღვრებოდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილი განაკვეთით, წელთა ნამსახურობის დამატებით, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დანამატებითა და კომპენსაციებით. გ. წ-ის დაღუპვისას, 1994 წელს მოქმედი მითითებული კანონის 31-ე მუხლით, “სასურსათო ულუფის ღირებულება” წარმოადგენდა ხელფასის შემადგენელ კომპონენტს, სააპელაციო პალატამ კი ხელფასის ოდენობა განსაზღვრა კანონში 2000წ. 28 ივნისს შეტანილი ცვლილებებით, ანუ მას მიანიჭა უკუძალა და იგი გაავრცელა 1994 წელს წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე. ამავე დროს სააპელაციო სასამართლომ, მათი განცხადების მიუხედავად, არ გამოიტანა დამატებითი გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის წარმომადგენლისათვის გაწეული მომსახურების ხარჯის დაკისრების თაობაზე თანხის 4%-ის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორს, ნ. ე-ის წარმომადგენელ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუU წარმოდგენილი არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ ნ. ე-ის მეუღლე, გ. წ-ე, 1994წ. 5 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი აგტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1994წ. 8 იანვარს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა 10 წლის ხელფასისა და დაკრძალვის ხარჯების კომპენსაციის შესახებ. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას კომპენსაციის თანხაში “სასურსათო ულუფის ღირებულების’’ გათვალისწინების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს. პოლიციის მუშაკის ხელფასში კვების ულუფა გათვალისწინებულ იქნა “საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების, სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დამატებისა და სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილებით. აღნიშნულ აქტს უკუქცევითი ძალა არ მინიჭებია. სკ-ის მე-6 მუხლითა და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის თანახმად, კანონისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნები მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე ვერ გავრცელდება. ნ ეგუტიძის მეუღლის გარდაცვალებისას და კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობისას, მითითებული ნორმატიული აქტი არ მოქმედებდა და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა პოლიციის მუშაკის ხელფასში კვების ულუფას არ ითვალისწინებდა.
საკასაციო პალატა კასატორის მიერ მოთხოვნილ გადასახდელ ხარჯებთან დაკავშირებით განუმარტავს კასატორს, რომ სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. კასატორს სარჩელის განხილვის არც ერთ სტადიაზე არსად (სასარჩელო განცხადება, სააპელაციო საჩივარი, საკასაციო საჩივარი, საოქმო ჩანაწერები) არ ჰქონდა აღნიშნული მოთხოვნა დაყენებული. სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტში არ მოიაზრება სასამართლოს მიერ იმ საკითხის გადაჭრა, რაც მხარის მიერ არ ყოფილა მოთხოვნილი და განხილული. პალატა ვერ გადაწყვეტდა აღნიშნულ საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, მართალია, იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად არ იმსჯელა მათ განცხადებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე წარმომადგენლის ხარჯებთან დაკავშირებით, მაგრამ პროცესუალური ეკონომიის მოსაზრებით და სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აღნიშნულ საპროცესო დარღვევას ვერ მიიჩნევს გადაწყვეტილების გაუქმების და ამ მოთხოვნის დაკმაყოფლების საფუძვლად, რადგან საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ნ. ე-ის წარმომადგენელ მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, როგორც არსებითად სწორი, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ნ. ეგუტიძის წარმომადგენელ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება