Facebook Twitter

¹ას-898-1184-09 12 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ხ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ-იანი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 15 სექტემბერს მ. ქ-იანმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის გ. ხ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2008 წლის 22 აპრილს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გ. ხ-ძეს ასესხა 5000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 4% დარიცხვით, სამი თვის ვადით. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქუთაისში. მიუხედავად სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისა, გ. ხ-ძე არ ასრულებს ვალდებულებას.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის _ 5000 აშშ დოლარის დაკისრება 4%-ის დარიცხვით და ყოველთვიურად 3%-ის ანუ 168 დოლარის დაკისრება, ასევე იპოთეკით დატვირთული სახლის რეალიზაცია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ქ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ. ხ-ძეს მ. ქ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 5000 აშშ დოლარის, სამი თვის პროცენტის _ 600 აშშ დოლარის, მიყენებული ზიანის ყოველთვიურად 3%-ის ანუ 150 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახადა, ძირითადი თანხის სრულად გადახდამდე. სასამართლომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაადგინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ხ-ძის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი სამედიცინო ცნობა არ შეიცავდა სსსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილი წესით მითითებას იმ გარემოებებზე, რომ 2009 წლის 29 აპრილს, აპელანტის ავადმყოფობის გამო, შეუძლებელი იყო მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ხ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით გ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

2009 წლის 15 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატას, განმეორებით მიმართა გ. ხ-ძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელ ეტაპზე აღმოიფხვრა მისი სასამართლოზე გამოუცხადებლობის მიზეზი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განხილვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინებით გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ხ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის საფიძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ხუდაძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის, საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა.

მითითებული მუხლი განსაზღვრავს პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებათა კანონიერ ძალაში შესვლის პირობებსა და წესს. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც განიხილა საჩივარი უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მაშინ იგი კანონიერ ძალაში შედის მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ შევა კანონიერ ძალაში.

თავის მხრივ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის მას შემდგომ, როცა საკასაციო სასამართლომ მიიღო განჩინება მისი უცველელად დატოვების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით გ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული მუხლის საფუძველზე, როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.

კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვს მისი საჩივრის დაკმაყოფილებას. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმე წარმოებით შეჩერებული კი არ ყოფილა, არამედ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც შესულია კანონიერ ძალაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის ერთადერთ გზას წარმოადგენს საქმის წარმოების განახლება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (სსკ-ის 421-ე მუხლი).

ამასთან, ამავე კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, პირებს, რომლებზეც ვრცელდება კანონიერი ძალა უფლება არ აქვთ კვლავ აღძრან იგივე სარჩელი, იგივე მოთხოვნით და იმავე პირებს შორის.

სამოქალაქო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

მითითებული მუხლის შესაბამისად, საქმეთა განხილვისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს იმ წესებით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოებში საქმეთა განხილვისათვის, ამასთან, საქმეთა განხილვა სააპელაციო სასამართლოებში ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით, რაც განპირობებულია ამ სასამართლოს ამოცანებითა და ფუნქციებით.

განსახილევლ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვებისას, მისი ხელმეორედ შეტანის შესაძლებლობას სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ხ-ძის ხელმეორედ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.