ას-901-1208-07 30 ნოემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ჩ-ს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინებაზე.ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ. თ-ს სარჩელი და მ. ჩ-ა აღსაზრდელად გადაეცა მოსარჩელეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჩ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა მიმდინარე წლის 22 ივნისს, მაგრამ მის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ჩ-მ, რომელიც განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. ჩ-ს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 10 სექტემბერს (ს.ფ. 50), ხოლო განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2007 წლის 24 სექტემბერს.
ზ. ჩ-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 12 დღიანი საპროცესო ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ჩ-ს კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.