ას-902-1209-07 28 ოქტომბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. კ-ძე (განმცხადებელი)
განხილვის საგანი _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინებაში უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინებით ი. კ-ძის კერძო საჩივარი საქმეზე წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ი. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა საკასაციო სასამართლოს ზემოთ დასახელებული განჩინების ბათილად ცნობა და მოცემულ საქმეზე წარმოების განახლება.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 2010 წლის ივნისის თვეში, როდესაც იგი აპირებდა სასამართლო გადაწყვეტილებით ბინის მასზე მიკუთვნებული წილის საკუთრებაში აღრიცხვას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინებაში აღმოაჩინა ცდომილება. საკასაციო სასამართლოს მითითებული განჩინებით მისი კერძო საჩივრით განსახილველ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება. ასეთი განჩინება საქმეზე რეალურად არ არსებობდა. საქმის მასალებში მოიპოვება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ი. კ-ძის (წარმომადგენელი ნ. გ-ძე) განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
დასახელებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოდ მითითებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ნაცვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა, ხოლო გასაჩივრებული განჩინების გამოტანის თარიღად _ 2006 წლის 17 ივლისი, ნაცვლად თარიღისა _ 2007 წლის 2 ოქტომბერი.
ზემოაღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია მექანიკური ხასიათის ხარვეზით, განჩინება დაბეჭდილია კომპიუტერის მეშვეობით, რა დროსაც არასწორად მიეთითა გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ნაცვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა, ხოლო გასაჩივრებული განჩინების გამოტანის თარიღად _ 2006 წლის 17 ივლისი, ნაცვლად თარიღისა _ 2007 წლის 2 ოქტომბერი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემომითითებული უსწორობა სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად, უნდა გასწორდეს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოდ ნაცვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა მიეთითოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, ხოლო გასაჩივრებული განჩინების გამოტანის თარიღად _ 2007 წლის 2 ოქტომბერი, ნაცვლად 2006 წლის 17 ივლისისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში გასწორდეს დაშვებული უსწორობა და გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოდ მიეთითოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, ნაცვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა, ხოლო გასაჩივრებული განჩინების გამოტანის თარიღად _ 2007 წლის 2 ოქტომბერი, ნაცვლად 2006 წლის 17 ივლისისა.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.